მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უახლესი კოვიდისტორია ციფრებში – პანდემიის 6 თვე დედამიწაზე

6 თვიანი კოვიდსტატისტიკა
1593670657
COVID-19

მსოფლიომ ახალი ტიპის კორონავირუსის შესახებ მიმდინარე წლის იანვარში შეიტყო, თებერვალში, მას შემდეგ რაც დაავადება ჩინეთის საზღვრებს გასცდა სერიოზულად დაფიქრდა, მარტში კი პანდემიად გამოაცხადა და კარანტინის რეჟიმზე გადავიდა, პლანეტის მოსახლეობის თითქმის ნახევარს - 3 მლრდ-ზე მეტ ადამიანს, იძულებით სახლებში მოუწია გამოკეტვა. დღეს, ვირუსის გაჩენიდან 6 თვის შემდეგ, ინფიცირებულთა ჯამური რაოდენობა 10 მლნ-ს, გარდაცვლილთა რიცხვი კი - 0.5 მლნ-ს აჭარბებს.

საწყის ეტაპზე ვირუსის მიმართ არასერიოზული დამოკიდებულების პარალელურად, საპირისპირო მძაფრსიუჟეტიანი ფილმების სცენარის მსგავსი ჭორებიც ვრცელდებოდა, რომლის თანახმადაც ვირუსი 1 ან 2 წელიწადში 50, 100 ან სულაც 500 მლნ ადამიანს იმსხვერპლებდა. კორონავირუსი თავისი ლეტალურობით ახლოსაც ვერ მივა ესპანურ გრიპთან და მითუმეტეს შავ ჭირთან, თუმცა მან, გრდა იმისა, რომ უკვე იმსხვერპლა 0.5 მლნ-ზე მეტი ადამიანი, ყველაზე დიდი ეკონომიკური დარტყმა მიაყენა პლანეტას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ხოლო აშშ-ს - დიდი დეპრესიის შემდეგ.

კონსპირაციული თეორიები დაავადების გაჩენისთანავე გავრცელდა. ერთ-ერთი მათგანის თანახმად, ვირუსი ისე იყო დაპროექტებული, რომ მხოლოდ ეთნიკურ ჩინელებს ხვდებოდათ და თუ მაინც შეხვდებოდა სხვას, არ მოკლავდა. ჯერ კიდევ 1-ელ მარტს, ჩინეთის წილი ინფიცირებულთა საერთო რაოდენობაში 90%-ს აჭარბებდა, 1 თვეში 10%-ს ჩამოსცდა, დღეს კი 0.78%-ს შეადგენს და 22-ე ადგილზე იმყოფება. მას ახლა უკვე მოსახლეობით სომხეთზე მცირე ყატარიც კი უსწრებს. იგივე შეიძლება ითქვას გარდაცვლილთა რაოდენობაზეც, სადაც ჩინეთის წილი 0.89%-ს შეადგენს და 19-ე ადგილზე იმყოფება.

ცალკე განხილვის თემაა 5G ინტერნეტი და შუაგულ ევროპაში დამწვარი ანძები, რომლებსაც უმეტეს შემთხვევაში არათუ კორონასთან, თავად 5G-სთანაც არაფერი ჰქონდათ საერთო.

1-ლი ივლისის მდგომარეობით, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 10.746 მლნ-ს შეადგენს, გარდაცვლილთა რიცხვი 517 ათასს, სიკვდილიანობის კოეფიციენტი შესაბამისად, 4.8%-ს, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 5.872 მლნ-ს, ინფიცირებულთა 54.6%-ს, ხოლო იმ პაციენტთა რაოდენობა, რომლებიც მკურნალობის კურსს ამჟამადაც გადიან - 4.357 მლნ.

ვირუსი სულ 215 სუვერენულ სახელმწიფოსა და დამოკიდებულ ტერიტორიაზეა გავრცელებული, მათგან 132-ში ინფიცირებულთა რაოდენობა 1000-ს გადააჭარბა, 66-ში 10 ათასს, 19-ში 100 ათასს, 13-ში 200 ათასს, 4-ში 0.5 მლნ-ს და მათგან ორში, აშშ-სა და ბრაზილიაში, 1 მლნ-ს, მათ შორის აშშ-ში - 2 მლნ-ს.

inphitsirebulta-statistika_o_h.jpeg

ყველაზე მეტი 2.76 მლნ ინფიცირებული შეერთებულ შტატებშია. 1 თვეში მათი რაოდენობა 900 000-ით გაიზარდა. უკვე 25 ივნისიდან ინფიცირებულთა რაოდენობა 40 ათასით ან მეტით იზრდება. მართალია აპრილთან შედარებით, სადაც ყოველდღიურად 2000-2500 ადამიანი იღუპებოდა, სიკვდილიანობა 2-ჯერ, 3-ჯერაა შემცირებული, მაგრამ საერთო ჯამში 130 ათასზე მეტი გარდაცვლილით აშშ პირველ ადგილზეა. სიკვდილიანობის კოეფიციენტი საშუალოზე მცირედით ნაკლებია და 4.7%-ს შეადგენს.

როგორც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის, ასევე, მათი ზრდის ტემპის მიხედვით, ბრაზილია მეორე ადგილზე იმყოფება. ქვეყანაში ვირუსი 1.45 მლნ ადამიანს დაუდასტურდა და მათი რაოდენობა ყოველდღიურად 35-40 ათასით იზრდება. 19 ივნისს 55 209 გამოვლენილი შემთხვევით ბრაზილიამ მსოფლიო რეკორდი მოხსნა, 60 ათასზე მეტი გარდაცვლილით ბრაზლია, ასევე, მეორე ადგილზე იმყოფება.

654 ათასი ინფიცირებულით მესამე ადგილს რუსეთი იკავებს, სადაც ვირუსს 9500 ადამიანი ემსხვერპლა, რის მიხედვითაც ქვეყანა მე-12 ადგილზეა. არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ პუტინის რეჟიმი სტატისტიკას განსაკუთრებით გარდაცვლილთა ნაწილში აყალბებს და რეალური სურათი გაცილებით მძიმეა. ეჭვს პნევმონიით გარდაცვლილთა უჩვეულოდ გაზრდილი სტატისტიკაც ამყარებს.

კიდევ ერთი სახელმწიფო, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობა 0.5 მლნ-ს გადასცდა და მალე რუსეთ გაუსწრებს ინდოეთია, სადაც ვირუსი 605 ათას ადამიანს დაუდასტურდა და მათგან 17 ათასზე მეტი გარდაიცვალა.

სიის სათავეში მყოფ პირველ 4 ქვეყანაში უფრო მეტი ინფიცირებულია, ვიდრე დანარჩენ მსოფლიოში.

240 ათასი ინფიცირებულით იტალია მე-9 ადგილზე იმყოფება, ევროპიდან მას ბრიტანეთი და ესპანეთი უსწრებენ.

ქვეყნების მიხედვით გარდაცვლილთა სტატისტიკა, ინფიცირებულთა სტატისტიკის პროპორციულია, თუმცა არა პირდაპირპროპორციული. 130 000 გარდაცვლილით პირველ ადგილზე შეერთებული შტატებია, 60 000 გარდაცვლილით მეორე ადგილს ბრაზილია იკავებს, ხოლო მესამეზე 43 900 გარდაცლილით ბრიტანეთია.

kovidgardatsvaleba_o_h.jpeg

მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, ყველაზე მეტი ინფიცირებული ყატარშია 1 მლნ-დან 34 548, პრაქტიკულად ყოველი 29-ე ადამიანი COVID 19-ის მატარებელია. 1 მლნ-დან 233 ინფიცირებულით საქართველო 147-ე ადგილზეა. სიაში 1 მლნ-დან 8796 ინფიცირებულით სომხეთი მე-10 ადგილს იკავებს.

1 მლნ-დან ყველაზე მეტი 1238 გარდაცვლილი ჯუჯა სან-მარინოშია, 842 გარდაცვლილით ბელგია მეორე ადგილს იკავებს. 4 გარდაცვლილი მილიონ მოქალაქეზე – საქართველო კოვიდინფექციით გარდაცვლილთა რაოდენობით 143–ე ადგილზეა.

11 მარტს, როდესაც ჯანმომ COVID 19 პანდემიად გამოაცხადა, ინფიცირებულთა რაოდენობა 7239-ით გაიზარდა, თვის ბოლოს დღიურმა ზრდამ 70 ათასს გადააჭარბა, მაისში საშუალო დღიური ზრდა 100 ათასს გასცდა, ივნისში 150 ათასს, რეკორდი - 195 082 ინფიცირებული 26 ივნისს დაფიქსირდა.

იმავე 11 მარტს ვირუსს 330 ადამიანი ემსხვერპლა, ეს რიცხვი თვის ბოლომდე იზრდებოდა. რეკორდი 17 აპრილს დაფიქსირდა, იმ დღეს კორონავირუსისგან 8485 ადამიანი გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის ტემპი გაიზარდა, გარდაცვლილთა დღიური რაოდენობა 5000-ს ჩამოსცდა.

კამათი იმაზე, უნდა გამოეცხადებიანთ თუ არა სახელმწიფოებს კარანტინი, დღემდე გრძელდება და მომავალშიც გაგრძელდება. მომხრეების თქმით, ამ მკაცრმა გადაწყვეტილებამ რამდენიმე მილიონი ადამიანის სიცოცხლე იხსნა. რამდენიმე მილიონი ადამიანის სიცოცხლეს ახსენებენ მოწინააღმდეგეებიც. მათი მტკიცებით, ეკონომიკურ ვარდნას, რასაც სიღარიბისა და ძალადობის ზრდა მოჰყვება, საშუალოვადიან პერსპექტივაში კორონავირუსთან შედარებით, გაცილებით მეტ ადამიანს იმსხვერპლებს.

ავტორი: გიორგი ელიზბარაშვილი