მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვთვლით, რომ პრევაქცინაციურ სკრინინგს უნდა დაემატოს რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა“ - ნანა გეგეჭკორისა და ზურაბ გურულის მიმართვა

ნანა გეგეჭკორი და ზურაბ გურული
1616396450
COVID-19

ამერიკის შეერთებულ შტატებში მომუშავე ქართველი ექიმები ნანა გეგეჭკორი და ზურაბ გურული საქართველოში ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას ავრცელებენ. 

მათი მოსაზრებით, მნიშვნელოვანია, რომ პრევაქცინაციურ სკრინინგს რამდენიმე აუცილებელი კითხვა ფაემატოს.

„ჩვენ ვთვლით, რომ პრევაქცინაციურ სკრინინგს უნდა დაემატოს რამდენიმე მნიშვნელოვანი შეკითხვა, რაც შესაძლებლობას მოგვცემს წინასწარ გამოვყოთ მაღალი პროთრომბოზული რისკების მქონე ადამიანები და მათი ვაქცინაცია ამ რისკების გათვალისწინებით დაიგეგმოს. ცხადია, პროთრომბოზული რისკ-ფაქტორების არსებობა არ ნიშნავს, რომ ადამიანთა ამ ჯგუფის აცრა არ შეიძლება.

უფრო პირიქით, ვინაიდან თავად კორონა-ვირუსი ატარებს თრომბოზების ძალიან მაღალ რისკს და მისი პრევენცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პაციენტთა აღნიშნულ სპექტრში. ასეთ შემთხვევებში რისკების წინასწარ ცოდნა და გათვლა მათ ადექვატურ მართვაში დაგვეხმარება. საბედნიეროდ, მსგავსი რისკ-ფაქტორები პოპულაციის მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილს აღენიშნება და მათზე ინდივიდუალურად მორგებული გადაწყვეტილებები დაგვიცავს თუნდაც უკიდურესად იშვიათი უბედური შემთხვევებისგან.

პროთრომბოზული რისკებიდან განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სისხლის შედედების ფაქტორებში არსებული მუტაციების შედეგად განვითარებულ პათოლოგიებს, რომელთა შესახებაც ადამიანმა შეიძლება მხოლოდ მაშინ შეიტყოს, როცა პირველი თრომბოზული გართულება მოხდება. მათი ამოცნობა სპეციალური კვლევების გარეშე შეუძლებელია, თუმცა, ანამნეზიდან ამოკრეფილი დეტალებით დროულად ეჭვის მიტანა და შესაძლო გართულებების თავიდან აცილება სრულიად რეალურია.

მაღალი პროთრომბოზული რისკებით გამოირჩევიან:

• ანტიფოსპოლიპიდური სინდრომი
• შედედების მეხუთე ფაქტორის (ლეიდენის) მუტაცია
• „C“ პროტეინის დეფიციტი
• „S“ პროტეინის დეფიციტი
• ანტითრომბინის დეფიციტი
• ავთვისებიანი სიმსივნეები
• ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია
• ჩასახვის საწინააღმდეგო მედიკამენტები
• იმობილიზაცია

„ცხადია, ვაქცინაციის წინ ყველა ამ დაავადებებზე კვლევების ჩატარება საჭირო არ არის. სამაგიეროდ, შესაძლებელია ვაქცინაციის პროცესისათვის შექმნილ კითხვარს დაემატოს რამდენიმე მნიშვნელოვანი შეკითხვა, რაც დაგვეხმარება შესაძლო თრომბოზული გართულების რისკების მქონე ადამიანების წინასწარ გამოცნობაში და შესაბამისი ზომების მიღებაში.

ჩვენი აზრით, პრევაქცინაციურ სკრინინგს უნდა დაემატოს შემდეგი კითხვები:

1. ხომ არ გაქვთ ვენური და არტერიული თრომბოზების პერსონალური ისტორია?
2. ქალებში - ხომ არ გქონდათ წარსულში სპონატანური აბორტის ისტორია? (სპონტანური აბორტები ხშირად მიუთითებს ჰიპერკოაგულაციური რისკების მაღალ ალბათობაზე)
3. ქალებში - ხომ არ იტარებთ ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონულ თერაპიას ?
4. ხომ არ იტარებთ ჩანაცვლებით ჰორმონულ თერაპიას (იგულისხმება ნაადრევი მენოპაუზისას გამოყენებული ჰორმონული თერაპია)?
5. ხომ არ გაქვთ დადგენილი ავთვისებიანი სიმსივნე და იტარებთ თუ არა ქიმიოთერაპიას ამჟამად? (წარსულში მსგავსი პრობლემა, რომელიც ამჟამად რემისიაშია, რისკ-ფაქტორს არ წარმოადგენს).
6. უახლოესი პერიოდის განმავლობაში ხომ არ იყავით იმობილიზირებული რაიმე მიზეზით? (ტრავმა, ქირურგიული ჩარევა, ჰოსპიტალიზაცია)
7. ხომ არ გაქვთ სისხლის უკვე ცნობილი თანდაყოლილი პათოლოგიები? (ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი, ლეიდენის შედედების მეხუთე ფაქტორის მუტაცია, „C“ პროტეინის დეფიციტი, „S“ პროტეინის დეფიციტი, ანტითრომბინის დეფიციტი).

ამ შეკითხვებზე დადებითი პასუხების შემთხვევაში, ასაცრელი პირი შეიძლება (და უნდა) დამატებით გამოიკითხოს თრომბოზული რისკების შემცველი დაავადებების კლინიკურ გამოვლინებებზე და მხოლოდ ინდივიდუალურად მორგებული გადაწყვეტილების საფუძველზე, განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვით დაიგეგმოს მათი ვაქცინაცია“, - აღნიშნავს ნანა გეგეჭკორი.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია მიმდინარე წლის 15 მარტს დაიწყო.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„თუ უარს ვიტყვით ვაქცინაზე, გარდაუვალია შემთხვევების მატება, რასაც მოჰყვება სრული ან ნაწილობრივი „ლოქდაუნი“ - თენგიზ ცერცვაძე

85 თბილისი, 22 იმერეთი - კოვიდინფიცირების გავრცელების არეალი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა