მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზალკალიანი: საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეთა დასახმარებლად საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველა მიმართულებით მუშაობს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, 2020
1585668285
COVID-19

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მსოფლიო პანდემიის გავრცელების პირობებში საზღვარგარეთ მყოფი ქართველების სამშობლოში დაბრუნების, ასევე მათთვის ადგილზე დახმარების გაწევის საშუალებებსა და მექანიზმებზე ისაუბრა. 

მინისტრის თქმით, საზღვარგარეთ მყოფი ქართველები 24 საათის განმავლობაში უკავშირდებიან საქართველოს ყველა საელჩოს, 24 საათიან რეჟიმში მუშაობს ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს ქოლ-ცენტრიც.

უწყების ინფორმაციით, შემოსული ზარების მიხედვით, დგინდება იმ მოქალაქეთა ვინაობა, რომლებიც სამშობლოში დაბრუნებას ითხოვენ, თუმცა, მინისტრის თქმით, არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც ადგილზე კონსულტაცია ესაჭიროებათ, და ასევე საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც თავშესაფრის გარეშე და ულუკმაპუროდ დარჩნენ. როგორც ზალკალიანმა განაცხადა, საქართველოს მოქალაქეთა დასახმარებლად, საგარეო საქმეთა სამინისტრო და საელჩოები ყველა მიმართულებით მუშაობენ. 

მისი თქმით, საჰაერო სივრცის ჩაკეტვის შემდეგ, საჰაერო ფრენებს, საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო კოორდინაციით, ავიაკომპანია აირზენა ახორციელებს. ფრენები მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაწესებული პროტოკოლით სრულდება, მგზავრების განლაგება ხდება ჭადრაკისებური პრინციპით და თითოეულ ბორტზე მხოლოდ 100-110 მგზავრის განთავსებაა შესაძლებელი. 

მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა, საპატიო კონსულებისა და კერძო კომპანიების როლზე, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი ამ პროცესში.

"საპატიო კონსულების რესურსის მოზიდვით ხდება თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ადამიანებისთვის ჰოსტელების, სასტუმროების, თუ სხვა შესაბამისი საცხოვრებლის უზრუნველყოფა. გარდა ამისა, ცალკეული კერძო კომპანიებიც, და თავად საელჩოებიც გვერდში უდგანან იმ ადამიანებს, რომლებსაც არ გააჩნიათ არანაირი ფინანსური რესურსი და მათ ყოფითი პრობლემის მოგვარებაში ეხმარებიან“ - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

მინისტრმა საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით დაწყებულ ონლაინ - კონსულტაციებზეც ისაუბრა. მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან მოწვეული ექსპერტები მეშვეობით, ყოველდღიურად ონლაინ ინსტრუქციებს უწევს საქართველოს მოქალაქეებს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ესპანეთი, გერმანია, საფრანეთი თუ იტალია, სადაც გაცილებით უფრო რთული სიტუაციაა და საკუთარი მოქალაქეებისთვისაც კი ვერ ახერხებენ შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გაწევას. „ჩვენი ექსპერტები მუდმივ კონსულტაციას უწევენ მათ და ასწავლიან, თუ რა ზომები უნდა მიიღონ სახლის პირობებში და როგორ შეასრულონ ის პროცედურები, რომლებიც გაწერილია კორონა ვირუსთან დაკავშირებით“ - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

დავით ზალკალიანის განცხადებით, პრემიერ-მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი მოქალაქეების დასახმარებლად. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ძალისხმევით, მსოფლიო მასშტაბით COVID-19- ის გავრცელების ფონზე უკვე მოხდა საქართველოს 4000-ზე მეტი მოქალაქის დაბრუნება სამშობლოში.

ცნობისთვის ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 110 პაციენტია, 21 კი გამოჯანმრთელდა.