მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

17 სექტემბერს ტურიზმის მიმართულების საინვესტიციო პანელი გაიმართება

მდგრადი განვითარება

17 სექტემბერს, 10:00 საათზე სასტუმრო „ბილტმორში“ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის ფარგლებში ტურიზმის მიმართულების საინვესტიციო პანელი გაიმართება. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პანელს, სახელწოდებით „ახალი რეალობა - მდგრადი ტურიზმის განვითარების ერა“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და UNWTO-ს გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი გახსნიან.

პანელის ფარგლებში პრეზენტაციას, სახელწოდებით „პირდაპირი უცხოური ინვესტიციეის ტენდენციებისა და პოლიტიკების მიმოხილვა“ გავლენიანი გამოცემა The Financial Times-ის რედაქტორის მოადგილე ჯაკობო დეტონი გამართავს.

„11:45-12:30 საათზე გაიმართება სესია “ახალი ტენდენციები პოსტ-კოვიდის პირობებში საქართველოში“, რომლის თავმჯდომარე USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელი მარკ მაკკორდი იქნება. სესიაში მონაწილეობას მიიღებენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი სებასტიან მოლინეუსი, თიბისი ბანკის აღმასრულებელი დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე, „აჭარა გრუპ ჰოლდინგის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე ვალერი ჩეხერია, „კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯიას“ მმართველი დირექტორი ირაკლი კილაურიძე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

12:35 საათზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და „მასტერ კარდ ევროპას“ შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდება.

„აქვე გაცნობებთ, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, დაწესებული რეგულაციებით, ღონისძიების გასაშუქებლად უშუალოდ ტერიტორიაზე დაიშვება მხოლოდ ერთი ჯგუფი, რომელიც იმუშავებს სასტუმრო „ბილტმორის“ მედიაცენტრიდან. ჯგუფის ჩანაცვლება მოხდება მხოლოდ წინასწარ შეთანხმებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურთან“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.