მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი პარლამენტში დღეს შევა

პარლამენტის შენობა

პარლამენტში სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებების პროექტი დღეს შევა. ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეომ ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა.

„ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება ყველა ის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს კორონავირუსის პირობებში ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ დახმარებას. ასევე არის ჩადებული პროგრამები, რომლებიც უზრუნველყოფს სოციალურ დახმარებას ჩვენი მოქალაქეების მიმართ. გარდა ამისა, ბიუჯეტში შესულია ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი. როგორც მოგეხსენებათ, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ჩვენ დაგეგმილი გვქონდა 4,5-პროცენტიანი შიდა პროდუქტის ზრდაზე, მაგრამ იმის გამო, რომ საქართველოში არის ეკონომიკური კრიზისი, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, კორექტირებული ვერსია დაგეგმილი იქნება ეკონომიკის მინუს ოთხპროცენტიან შემცირებაზე. ასევე, შეცვლილია ბიუჯეტის დეფიციტი და იქნება 8,5 პროცენტზე.

დანარჩენი ციფრები, ხარჯები, შემოსავლები, ასიგნებები იქნება წარმოდგენილი ჯერ კანცელარიაში, ხოლო შემდეგ პარლამენტში, ბიუჯეტის პრეზენტაციის დროს. ჩვენი კომიტეტი წარმოადგენს განხილვების გრაფიკს, რომელშიც იქნება ჩართული როგორც ყველა კომიტეტი, ასევე ნებისმიერი ფრაქცია, ოპოზიციური, რომელიც წარმოდგენილია პარლამენტში“, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.