მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ADB-ს €92.3 მლნ-იანი დახმარება ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს მოხმარდება

აზიის განვითარების ბანკი

აზიის განვითარების ბანკი (ADB) ჩვენი ერთ-ერთი მსხვილი პარტნიორია და პანდემიის პირობებში მათთან თანამშრომლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა აზიის განვითარების ბანკთან სასესხო შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ.

სასესხო შეთანხმების ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკისგან COVID-19-ზე საგანგებო რეაგირებისა და დანახარჯების მხარდამჭერი პროგრამის განსახორციელებლად, საქართველო €92.3 მლნ-ს ოდენობის ფინანსურ რესურსს მიიღებს.

დოკუმენტს აზიის განვითარების ბანკის მხრიდან ხელი ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში, შეინ როზენტალმა მოაწერა.

დაფინანსება პანდემიით შექმნილი ვითარების ეკონომიკური ხარჯების შემსუბუქებას, მაკროეკონომიკური პირობებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას მოხმარდება. ძირითადი აქცენტი მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზე გაკეთდება რომელთა საარსებო წყაროზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა პანდემიამ.

ADB-სთან ხელმოწერილი ხელშეკრულება, ნაწილია იმ ფინანსური მხარდაჭერისა, რომელიც საქართველოს მთავრობამ პარტნიორი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლისა და ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი რეაბილიტაციისთვის მოიზიდა.

აზიის განვითარების ბანკმა $100 მლნ-ის ოდენობის ფინანსური რესურსი საქართველოსთვის მიმდინარე წლის 28 მაისს დაამტკიცა.