მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აგროდიზელის ბარათი სამეგრელო-ზემო სვანეთში 600-მდე ფერმერმა აიღო

აგროდიზელი სამეგრელო

აგროდიზელით ფერმერების უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა სამეგრელო-ზემო სვანთის რეგიონში შეუფერხებლად მიმდინარეობს. შეღავათიან ფასად აგროდიზელით ფერმერების უზრუნველყოფის პროგრამის მიმდინარეობას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე მალხაზ თორია გაეცნო. აგროდიზელის ბარათი, რეგიონში 2 დღის განმავლობაში უკვე აიღო 600-მდე ფერმერმა.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამსახურის უფროსმა გიორგი ქვარაიამ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს რეგიონში პროგრამის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ფასდაკლების ბარათები ფერმერებისთვის ეტაპობრივად გაიცემა, როგორც იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში (my.gov.ge-ზე ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის პრინციპით), ასევე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურებსა და მუნიციპალიტეტებში არსებულ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში; 27 მაისიდან აგროდიზელის ფასდაკლების ბარათებს გასცემს ლიბერთი ბანკის ფილიალებიც.

ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, დიზელის შეღავათიან ფასად მიღებას შეძლებენ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მფლობელი ის ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთაც გააჩნიათ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრებად რეგისტრირებული არანაკლებ 0.25 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, გარდა საძოვარისა, ან პირები, რომლებიც მოახდენენ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირველად რეგისტრაციას და დაზუსტებას.

პროგრამით მოსარგებლე ფერმერებისთვის გათვალისწინებულია 1 ჰექტარზე 150 ლიტრის, ხოლო 100 ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, არაუმეტეს, 15 000 ლიტრის ოდენობით საწვავის ფასდაკლების ბარათების გაცემა.

პირველ ეტაპზე, 20 მაისიდან ფასდაკლების ბარათები გაიცემა ფიზიკურ პირებზე, ხოლო 1 ივნისიდან - მიწის თანამესაკუთრეებსა და იურიდიულ პირებზე. ბარათების გაცემა მოხდება პროგრამის ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, ხოლო თანამესაკუთრეების შემთხვევაში, დამატებით შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე. პროგრამით 200 000-ზე მეტი ფერმერი ისარგებლებს.

პირველ ივლისამდე, ფასდაკლების ბარათით შესაძლებელია არაუმეტეს 50 ლიტრის ოდენობის საწვავის შეძენა, 1 ივლისიდან 1 სექტემბრამდე - არაუმეტეს 300 ლიტრის, ხოლო 1 სექტემბრიდან, შესაძლებელია ნებისმიერი ოდენობის საწვავის ფასდაკლების ბარათების განაღდება.