მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ანდრია გვიდიანი: „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევა ადასტურებს, რომ კორუფციასთან ბრძოლის კუთხით საქართველო სწორ პოლიტიკას ატარებს

ექსპერტი ანდრია გვიდიანი Pia.ge

დღეს გამოქვეყნებული „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ 2020 წლის კვლევაში ნათქვამია, რომ 2020 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო რეგიონში კვლავ პირველია. ანგარიშის თანახმად, საქართველო კვლავ ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს და წელსაც პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში; მსოფლიო მასშტაბით კი, საქართველო 180 ქვეყანას შორის 45-ე ადგილს იკავებს და ბოლო ხუთი წელია, ინარჩუნებს პოზიციას საუკეთესო ქვეყნების 25 პროცენტში. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ეკონომისტი ანდრია გვიდიანი მიიჩნევს, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ კორუფციასთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევა რეალურად ასახავს იმ მიღწევებს, რომელსაც საქართველომ ბოლო წლებში გატარებული პოლიტიკის შედეგად მიაღწია.

„კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოს პოზიტიურად აფასებს. მათ შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ბოლო კვლევით დასტურდება, რომ საქართველო სრულად თავისუფალია კორუფციული გარიგებებისგან. თავის მხრივ, რა თქმა უნდა, აღნიშნული მაჩვენებელი მნიშვნელოვანი სიგნალია უცხოელი ინვესტორებისთვის და, ზოგადად, ქვეყნის იმიჯისთვის. ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ საქართველო კვლავ ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს და წელსაც პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში. ამასთან, 2020 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით საქართველო მაჩვენებლებით უსწრებს ევროკავშირის 9 ქვეყანას. რა თქმა უნდა, ეს უდიდესი მიღწევაა და, ვფიქრობ, ჩვენი რეიტინგის გაუმჯობესება ადასტურებს, რომ კორუფციასთან ბრძოლის კუთხით სწორ პოლიტიკას ვატარებთ", - განაცხადა გვიდიანმა.

​ექსპერტის თქმით, კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით მოქმედი ხელისუფლების პირობებში გატარებული პოლიტიკის შედეგად, მნიშვნელოვანი გაუმჯობესება შეინიშნება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევაში საყურადღებოა ის გარემოება, რომ კორუფციისგან თავისუფლების თვალსაზრისით, ბოლო რვა წლის განმავლობაში არსებითი გაუმჯობესება შეინიშნება. კერძოდ, 2012 წელთან შედარებით საქართველოს სარეიტინგო ქულა ოთხი ქულითაა გაუმჯობესებული [52-დან 56]. ამ მონაცემით ქვეყანა 51-ე ადგილიდან 45-ზე გადავიდა. ეს სურათი, რა თქმა უნდა, ლოგიკურია იმდენად, რამდენადაც დღევანდელი ხელისუფლების პირობებში პრაქტიკულად არ არსებობს სხვადასხვა პრივილეგირებული ჯგუფები და ე.წ. ელიტური კორუფცია. ბოლო წლებში სრულად აღიკვეთა დაუსჯელობის სინდრომი და ყველა ჩინოვნიკი აცნობიერებს, რომ კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობაზე შესაბამის სამსახურებს მკაცრი რეაგირება ექნებათ. ამას ადასტურებს ის გარემოება, რომ ანტიკორუფციული ღონისძიებების შედეგად, არაერთი ჩინოვნიკი მიეცა პასუხისგებაში, რაც ყველა საჯარო მოსამსახურისთვის წარმოადგენს მაგალითს, რომ არავის არაფერი ეპატიება“, - განაცხადა ანდრია გვიდიანმა.