მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბათუმი უცხოური მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა

ბათუმი

European Best Destinations-ის მიერ ბათუმის, როგორც უსაფრთხო ტურისტული მიმართულებად დასახელების პარალელურად, ბათუმი უცხოური მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.

Emerging Europe, ფორბსი, ინტერფაქსი, Travel News, Where Minsk იმ 40-ზე მეტ მედიასაშუალებას შორისაა, რომლებშიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ბათუმსა და ზოგადად, საქართველოს მზადყოფნაზე უმასპინძლოს ტურისტებს სტატიები გამოქვეყნდა. მათში ჟურნალისტები Covid 19-თან ბრძოლაში საქართველოს მიღწევებსა და ტურიზმის გახსნის ღონისძიებებზე, ასევე ბათუმის, როგორც უსაფრთხო, მწვანე ზონის ტურისტულ შესაძლებლობებსა და პროდუქტებზე ამახვილებენ ყურადღებას.

„წელს, თქვენი მოგზაურობის არჩევანი შეიძლება შეზღუდული იყოს, მაგრამ საქართველო და მისი შავი ზღვის მარგალიტი-ბათუმი, ბიზნესისთვის და ვიზიტორთათვის ღიაა,“ - წერს პოპულარული საერთაშორისო გამოცემა Emerging Europe, რომლის ჟურნალისტიც  მკითხველებს აჭარაში დასვენებისკენ მოუწოდებს. როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ რეგიონში ტურიზმი განახლებულიყო და ბათუმი პირველი „მწვანე ზონა“ ყოფილიყო საქართველოში. რეგიონის მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებზე საუბრობს ფორბსიც " ბათუმი, აჭარა იქნება პირველი, სადაც ტურისტები შეძლებენ დასვენებას. აქ მათ ელოდებათ ზღვა, მთა, დაცული ტერიტორიები და ტურიზმის სხვადასხვა სახეობა, რომელიც ერთ რეგიონშია თავმოყრილი". მსგავსი შინაარსის სტატიები მეორე კვირაა ისრაელში, პოლონეთში, ლატვიასა და 10-მდე სამიზნე ქვეყნის მედიასაშუალებაში ქვეყნდება.

„ახლა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის, როგორც უსაფრთხო ტურისტული მიმართულების პოზიციონირება მსოფლიო მასშტაბით. ის, რომ European Best Destinations რეიტიგნში ბათუმის მოხვედრის პარალელურად უცხოურ მედიაში ყოველდღიურად ქვეყნდება სტატიები ბათუმისა და ზოგადად, საქართველოს შესახებ რა თქმა უნდა, ხელს უწყობს ამ პოზიტიური იმიჯის ჩამოყალიბებას და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, ჩვენი ქვეყნის, როგორც უსაფრთხო ტურისტული მიმართულების  უპირატესობას არსებულ კონკურენტულ გარემოში. თუკი აქამდე, ჩვენთვის პრიორიტეტული იყო წარმოგვეჩინა ჩვენი მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები და სერვისები, ახლა მთავარი აქცენტი უკვე უსაფრთხოებაზე კეთდება. პანდემიის შემდეგ ეტაპზე, მოგზაურებისთვის არსებულ პროდუქტებთან ერთად მთავარი სწორედ მათი უსაფრთხოება და ჯანმრთელობაა. ამ მხრივ კი ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ვიამაყოთ,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ.