მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბათუმის აეროპორტის წლიური გამტარუნარიანობა 1.5 მლნ მგზავრამდე გაიზრდება

ბათუმის აეროპორტი

ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა გაორმაგდება და წელიწადში 1.2 მლნ მგზავრს შეადგენს. თუმცა აეროპორტი, რეკონსტრუქციის შემდეგ, განსაკუთრებულ შემთხვევაში, წელიწადში 1.5 მლნ მგზავრის მომსახურებას შეძლებს.

ეკონომიკის მინისტრი პრემიერ-მინისტრთან ერთად ბათუმის აეროპორტში იმყოფებოდა, სადაც ის აეროპორტის რეკონსტრუქციის სამუშაოებს გაეცნო. რეკონსტრუქციას „ტავ - ჯორჯია“ ახორციელებს.

მინისტრის განცხადებით, რეკონსტრუქციას დაექვემდებარება აეროპორტის როგორც გაფრენის, ისე მოფრენის დარბაზები, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მგზავრთა მგზავრობის კომფორტის ხარისხს.

„მას შემდეგ, რაც დასრულდება კორონავირუსთან დაკავშირებული გლობალური გამოწვევა, საქართველოში კვლავ გაგრძელდება ტურიზმის განვითარება და ტურისტების სტატისტიკა აღმავალ ტენდენციას დაუბრუნდება. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი და აღნიშნული პროექტი არის იმ ოპტიმისტური ხედვის ნაწილი, რომელსაც ჩვენთან ერთად, სრულად იზიარებს აეროპორტის მენეჯმენტ-კომპანია, ჩვენ კი ამ პროცესს ხელს ვუწყობთ,“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.

პროექტის ფარგლებში იგეგმება არსებული სამგზავრო ტერმინალის შენობის გაფართოება მოფრენის მხარეს - 30 მეტრით, გაფრენის კი - 42 მეტრით. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტში, „ტავ ჯორჯია“ $14 მლნ-ის ინვესტიციას განახორციელებს. ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2021 წლის თებერვლის ბოლომდე დასრულდება.