მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დიდი სავაჭრო ცენტრები მუშაობის განახლების უფლებას 15 დეკემბრიდან ითხოვენ

სავაჭრო ცენტრი თბილისში

თბილისში არსებული დიდი სავაჭრო ცენტრების („თბილისი მოლი“, „ისთ ფოინთი“, „თბილისი ცენტრალი“, „ქარვასლა“, „სითი მოლი“, „გლდანი მოლი“)  წარმომადგენლები მუშაობის განახლების უფლებას მთავრობას 15 დეკემბრიდან სთხოვენ. 

მათი თქმით, ეს როგორც ეპიდემიოლოგიური, ისე ბიზნესის დახმარების კუთხით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება.

„თბილისი ცენტრალის“ დირექტორის ლევან ყარალაშვილის განცხადებით, სექტორი არ ელოდა, რომ მუშაობის შეჩერების შეზღუდვა სავაჭრო ცენტრებსაც შეეხებოდა, თუმცა რეალობა საპირისპირო აღმოჩნდა.

„ჩვენი შეთავაზება ფორმალურად, წერილობით უკვე მივაწოდეთ მთავრობას, რომ გახსნის საშუალება ნაცვლად 24-ისა, 15 დეკემბრიდან 3 იანვრამდე პერიოდში მოგვეცეს. ეს ერთი მხრივ შეამცირებს მყიდველთა რაოდენობას, რომლებიც საახალწლო პერიოდში ერთდროულად წავლენ საყიდლებზე და მეორე მხრივ ბიზნესს საშუალებას მისცემს იანვარ-თებერვალში თავი გაიტანოს.

ასევე ვთავაზობთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგეს 15 დეკემბრიდან, რათა მოსახლეობას სავაჭრო ცენტრებში მისვლის შესაძლებლობა ჰქონდეს“, - აღნიშნა ლევან ყარალაშვილმა.

მისი თქმით, სავაჭრო ცენტრების თხოვნაა, რომ ისევე როგორც სასტუმროებს, მათაც 2020 წლის ქონების გადასახადი გაუუქმდეთ.

„ამ შემთხვევაში ყოველი ჩვენგანი მზად არის შეინარჩუნოს ის 2000-მდე თანამშრომელი, რომლებიც ჩვენს ობიექტებზე არიან დასაქმებული“, - განაცხადა ლევან ყარალაშვილმა.

სავაჭრო ცენტრების კიდევ ერთი თხოვნაა 750 ლარამდე ხელფასზე დაწესებული საშემოსავლო გადასახადის გადახდაზე არსებული შეღავათის 2021 წლის პირველი კვარტლის ბოლომდე გაგრძელდეს.

ისინი ბანკებთან საკრედიტო ვალდებულებების რესტრუქტურიზაციაზე მოლაპარაკებებში ეროვნული ბანკის ჩართვასა და დახმარებასაც ითხოვენ, რათა სესხების 12-თვიანი საშეღავათო პერიოდით რეფინანსირებაზე შეთანხმება იქნას მიღწეული.

👉 ინფორმაციისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან თითქმის 2 თვის განმავლობაში სავაჭრო ცენტრებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა იკრძალება.