მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

"ენერგეტიკული გაერთიანება" საქართველოს მიერ ენერგოეფექტურობის კანონის მიღებას მიესალმება

ენერგეტიკული გაერთიანება

„ენერგეტიკული გაერთიანების“ სამდივნო საქართველოს პარლამენტის მიერ ენერგოეფექტურობის კანონმდებლობის მიღებას მიესალმება. როგორც პრეს-რელზშია ნათქვამი ცვლილებები ევროკავშირის დირექტივების დანერგვას ემსახურება.

რელიზის თანახმად, აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ „ენერგეტიკულ გაერთიანების“ სამდივნოსთან კოორდინაციით ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის EU4Energy-ისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ტექნიკური დახმარების ფარგლებში შეიმუშავა.

„ახალი საკანონმდებლო ჩარჩო არამარტო გახდის საქართველოს სამშენებლო ინდუსტრიას უფრო კონკურენტუნარიანს, არამედ შინამეურნეობებისათვის უზრუნველყოფს გაუმჯობესებული ენერგეტიკული სერვისების მიწოდებას, ხოლო არსებული შენობები იქნება უკეთ იზოლირებული. ეს ხელს შეუწყობს მწვანე ენერგიის წყაროების გამოყენებას გათბობის, გაგრილებისა და განათებისთვის,” - აცხადებს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს ენერგოეფექტურობის განყოფილების უფროსი, ვიოლეტა კოგალნიჩეანუ. „ენერგოეფექტურობის ამ ორი კანონის მიღება კიდევ უფრო საამაყოა იმის გათვალისწინებით, რომ საქართველომ მოახერხა ბაზარზე ორიენტირებული და მდგრადი ენერგეტიკული რეფორმების გატარება, მიუხედავად მიმდინარე COVID-19 კრიზისისა,” - აღნიშნა მან.

რელიზის თანახმად, აღნიშნული კანონმდებლობის მიღებით საქართველოს მთავრობა ხელს შეუწყობს საჯარო შენობების რეკონსტრუქციის პროგრამებში მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების მოზიდვას, კერძოდ, 80 მილიონი ევროს ოდენობის სესხს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბაკისა (EBRD) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისგან (KfW) და, ასევე, 26 მილიონი ევროს საინვესტიციო გრანტსა და 8,5 მილიონი ევროს ოდენობის ტექნიკურ დახმარებას ევროკავშირისგან. აღნიშნული რეფორმის ფინანსურ მხარდაჭერას ასევე უზრუნველყოფს პოლიტიკაზე დაფუძნებული სესხის ფარგლებში გამოყოფილი 150 მილიონი ევროს ოდენობის ტრანშე გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისა (KfW) და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) მხრიდან.