მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეროვნული ბანკი ლიკვიდური ფულადი სახსრების მიწოდების გარანტიას იძლევა

საქართბელოს ეროვნული ბანკის შენობა

საქართველოს ეროვნული ბანკი, კორონავირუსის პანდემიის ქვეყნის საფინანსო სექტორზე ზეგავლენის შერბილების გეგმის ფარგლებში, ეკონომიკის საფინანსო სერვისებით შეუფერხებლად უზრუნველყოფისათვის საჭირო საგანგებო ღონისძიებების გატარებას განაგრძობს, რაც ძირითადად ლიკვიდური ფულადი რესურსების შეუფერხებელად მიწოდებაში გამოიხატება.

დღეის მდგომარეობით, საფინანსო სისტემას აქვს უცხოური ვალუტის ჭარბი ლიკვიდობა, შესაბამისად, გაზრდილია მოთხოვნა ეროვნულ ვალუტაზე. სების განცხადებით მას აქვს ქმედითი მონეტარული ინსტრუმენტები, რათა ფინანსურ სექტორს შეუზღუდავად მიაწოდოს ეროვნული ვალუტის ლიკვიდობა. უცხოური ვალუტის შემთხვევაში კი, ლიკვიდობის მიწოდების დამატებით რესურსსა და ბუფერის როლს საერთაშორისო რეზერვები და, მათ შორის, უცხოურ ვალდებულებებზე სარეზერვო მოთხოვნები (ამჟამად - 1.4 მლრდ აშშ დოლარი) წარმოადგენს.

კორონავირუსის პანდემიისა და არსებული ლოჯისტიკური შეზღუდვების ფონზე, კერძო პირებისა და კომპანიების მხრიდან მნიშვნელოვნად (დაახლოებით 700 მილიონი ლარით) გაიზრდა მოთხოვნა ნაღდ ფულზე. ასევე, პანდემიაზე რეაგირებისათვის საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად, სახელმწიფო ბიუჯეტი კომერციული ბანკებში არსებული ანგარიშებიდან (850 მილიონ ლარამდე) თანხების ეროვნულ ბანკში მთავრობის ანგარიშზე მობილიზებას ახდენს. ამის გარდა, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენციების გზით 300 მილიონ ლარზე მეტი ამოიღო მიმოქცევიდან. ასევე, კომერციულმა ბანკებმა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების უმეტესობამ მსესხებლებს სამთვიანი საშეღავათო პერიოდი შესთავაზა, რამაც მათი შემოდინების ნაკადები შეამცირა, რაც ასევე ზრდის მოთხოვნას ლიკვიდურ სახსრებზე. ამ ყველაფრის გამო საფინანსო სისტემის მოთხოვნა ეროვნული ვალუტით ლიკვიდობაზე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და ეს მოთხოვნა ცენტრალური ბანკის მიერ ლიკვიდობის მართვის ინსტრუმენტებით უნდა დაბალანსდეს.

ეროვნული ბანკი ასევე ითვალისწინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების როლს საქართველოს რეგიონების ბიზნესისა და მოსახლეობის ფინანსური სერვისების მიწოდების კუთხით. შესაბამისად, ეროვნული ბანკი ლიკვიდობის მხარდაჭერას სტანდარტულ რეფინანსირების სესხებთან ერთად, დამატებით „სვოპ" ოპერაციებითაც უზრუნველყოფს, რომლებიც, ბანკების გარდა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვისაც იქნება ხელმისაწვდომი. კერძოდ, ლიკვიდობის მხარდაჭერის მიზნით, ეროვნულ ბანკი კომერციულ ბანკებს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს 200-200 მლნ (ჯამში 400 მლნ) აშშ დოლარის მაქსიმალური ლიმიტის მქონე სვოპ ოპერაციებით ლარის ლიკვიდობას მიაწვდის.

სვოპის მთლიანი თანხა სქემის მონაწილეთა შორის ფინანსური ინსტიტუტის საბაზრო წილის პროპორციულად განაწილდება. ამასთან, ზედმეტი კონცენტრაციის თავიდან ასაცილებლად, ერთ ორგანიზაციაზე დაწესდება მთლიანი მოცულობის 25%-მდე ლიმიტი, რაც მცირე ზომის ფინანსური ინსტიტუტებისათვის რესურსების ხელმისაწვდომობას გაზრდის. სვოპ ოპერაციების ვადა განსაზღვრულია 1 თვით, შემდეგი 1 წლის განმავლობაში ყოველთვიური განახლების უფლებით.