მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა

საქართბელოს ეროვნული ბანკის შენობა

ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. ისინი ერთი სტრუქტურული დანაყოფის წევრები იყვნენ და ბანკის სხვა თანამშრომლებთან კონტაქტი არ ჰქონიათ. განცხადებას ამის შესახებ თავად სები ავრცელებს.

„ერთი კვირის წინ ეროვნული ბანკის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუფიქსირდა კორონა ვირუსის (COVID-19) დამახასიათებელი სიმპტომები. სიმპტომების გამოვლენისთანავე, ეცნობათ შესაბამის სამსახურებს. ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყო კონკრეტული თანამშრომლისა და მასთან უშუალო შემხებლობაში მყოფ თანამშრომელთა თვითიზოლაციაში გადასვლა, ხოლო იმ სამუშაო გარემოს, სადაც მას უწევდა დღის განმავლობაში საქმიანობა, დეზინფექცია ჩაუტარდა.

ჩატარებული კვლევების შედეგად, ვირუსი დაუდასტურდა იზოლაციაში მყოფ 7 თანამშრომელს. ამჟამად ისინი გადაყვანილი არიან შესაბამის სტაციონარში და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, გადიან სამკურნალო პროცედურებს და მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. ამჟამად მიმდინარეობს გაფართოებული ეპიდემიოლოგიური კვლევა შესაძლო ყველა შესაძლო კონტაქტების დადგენის მიზნით.“ აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

პირები, რომლებსაც დაუდასტურდა ვირუსი, ერთი სტრუქტურული დანაყოფის თანამშრომლები არიან. ისინი სრულიად დისტანცირებული იყვნენ და ბოლო ორი კვირის განმავლობაში მათ შემხებლობა არ ჰქონიათ ბანკის სხვა თანამშრომლებთან.

ეროვნული ბანკის განმარტებით მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკის თანამშრომელთა 90% დისტანციურად ასრულებს მოვალეობებს, ეროვნული ბანკის ყველა შენობაში მაინც მიმდინარეობს ინტენსიური სადეზინფექციო და დასუფთავების სამუშაოები.

16 მარტიდან ეროვნული ბანკი ლარის ბანკნოტებისა და მონეტებთან მიმართებაში საკარანტინო ზომებს ახორციელებს. კერძოდ, მიმოქცევიდან შემოსული ლარის ფულის ნიშნები საკასო ცენტრში თავსდება, ინახება ცალკე, სპეციალურად გამოყოფილ ადგილას როგორც მინიმუმ 14 დღის განმავლობაში და მათი გაცემა მხოლოდ ამ პერიოდის გასვლის შემდეგ ხდება.