მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ეროვნულმა ბანკმა უნდა შეწყვიტოს ფულის ბეჭდვა“ - ზვიად ხორგუაშვილი კურსის გაუფასურების მიზეზებზე

ზვიად ხორგუაშვილი

PIA.GE-ს ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი ლარის მკვეთრი გაუფასურების გამომწვევ მიზეზებსა და გამოსავლებზე ესაუბრა. 

ეკონომისტი ლარის კურსის გაუარესების მიზეზებს ორი მიმართულებით ხსნის:

„ლარის კურსის გაუფასურების მიზეზები ორ ნაწილად უნდა გავყოთ:

1 - გრძელვადიანი მიზეზები - არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ ვერ ვიზიდავთ მეტ დოლარს, კურსს კი ყველაზე მეტად ამყარებს მეტი დოლარის შემოდინება.

მეორე მხრივ, არასწორი მონეტარული პოლიტიკა. კურსს აუფასურებს ბევრი ლარის ბეჭდვა, რაც ინფლაციაზეც აისახება. ბოლო 10 წელია დაახლოებით 12%-ით იზრდება ფულის მასა.

2 - მოკლევადიანი მიზეზები - დოლარის შემოდინება შემცირებულია მკვეთრად. ამავე დროს, ამას აბალანსებდა ის, რომ დიდი ზომის ვალი ავიღეთ, რაც ნიშნავს ბევრი დოლარის და ევროს შემოდინებას ქვეყანაში. ამან დააბალანსა პანდემიით გამოწვეული უარყოფითი შედეგები.

პირველ რიგში, უნდა ვუყუროთ გრძელვადიან მიზეზებს. არ არსებობს ისეთი რამ, რომ გუშინ მთავრობამ რაიმე დააშავა და ამიტომ გაუფასურდა კურსი. საკითხს უნდა შევხედოთ გრძელვადიან პერსპექტივაში.

გამოსავალი:

1 - ეროვნულმა ბანკმა უნდა შეწყვიტოს ფულის ბეჭდვა და შეამციროს ფულის მასის ზრდის ტემპი (მონეტარული პოლიტიკა);

2 - შემცირდეს გადასახადები, რეგულაციები, მოგვარდეს საკუთრების უფლებები და სასამართლოს პრობლემები, პოლიტიკური პრობლემები გადაიჭრას, რომ მეტი ინვესტიციები შემოვიდეს (ფისკალური პოლიტიკა).

თუ არასწორი ფისკალური და მონეტარული პოლიტიკით წავალთ, არ უნდა გვქონდეს კურსის გამყარების იმედი გრძელვადიან პერსპექტივაში,“ - აღნიშნა მან PIA.GE-სთან საუბრისას.

ინფორმაციისთვის, ლარის კურსი მკვეთრ გაუფასურებას განაგრძობს.

29 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.3846 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3718 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -1.28 თეთრი შეადგინა.

აგრეთვე დაინტერესდებით:

Bloomberg-ის სისტემაში დოლარის ფასი 3.4172 ლარს შეადგენს