მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გაგუა: გაზრდილი დაფინანსების პოლიტიკა კოორდინირებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან

მაჭავარიანის მოადგილე

„მთავრობის სწორი პოლიტიკა, რომ არა მაკროეკონომიკური სიძლიერე და ვალის მდგრადობის უზრუნველყოფა, ქვეყანა ვერ მიიღებდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან უპრცედენტო მხარდაჭერას“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ განაცხადა.

გაგუას თქმით, მიმდინარე პანდემიის ფონზე, მათ მიერ დადებითად იქნა შეფასებული მთავრობის მიერ განხორციელებული სასესხო პოლიტიკა.

„ბოლო პერიოდში პანდემიის გამო, კორექტირებული ბიუჯეტის გამო აქტუალური გახდა ვალების თემა. მოგეხსენებათ, ამ კვირას დამტკიცებული პროექტით, საერთო ჯამში საგარეო ვალის მოცულობა გაიზარდა და მისი თანაფარდობა მთლიანი შიდა პროდუქტის 54.4%-ს აღწევს. გასაგებია, რომ ვალს ადამიანიც და ქვეყანაც გადაუდებელი აუცილებლობის გამო იღებს. თუ ადამიანს არ გაქვს კარგი საკრედიტო ისტორია, როგორც ბანკები არ მისცემს სესხს, ასევე ქვეყნის შემთხვევაშიც. რომ არა მთავრობის სწორი პოლიტიკა, მაკროეკონომიკური სიძლიერე და ვალის მდგრადობის უზრუნველყოფა, ქვეყანა ვერ მიიღებდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან უპრცედენტო მხარდაჭერას“, - აღნიშნა გაგუამ.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე გადაცემაში „ბიზნესი იმედზე“ აღნიშნავს, გაზრდილი დაფინანსების პოლიტიკა კოორდინირებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და სხვა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან. მისი თქმით, რომ არა ქვეყნის მაკროეკონომიკური ფუნდამენტის სიძლიერე და ვალის მდგრადობის უზრუნველყოფა, საქართველო ვერ მიიღებდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან დაგეგმილ რესურსს. მიუხედავად არსებული მაჩვენებლებისა საქართველოს არ შეექმნება პრობლემა ფინანსური მდგრადობის კუთხით.

„ვალის აღება რეალურად არის რეაგირება საერთაშორისო გლობალური გამოწვევის მიმართ და ვთვლით, რომ ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. ყველა ციფრი 60%-ზე დაბლაა და ეს საგანგაშო ნიშნულად არ ითვლება. მინდა ყველა დავარწმუნო, რომ ფისკალური სექტორი მომავალშიც ორიენტირებული იქნება და ეს ჩვენი გაცხადებული მიზანია, რომ 54 %-იანი ნიშნული, ეს იქნება პიკი და მან უნდა დაიწყოს დაღმასვლა“, -აცხადებს ნიკოლოზ გაგუა.

ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ 2021 წლისთვის დაგეგმილია მთავრობის ვალის მაჩვენებლის ეტაპობრივად შემცირება და იგი მაქსიმალურად მოკლე ვადაში დაუბრუნდება კრიზისამდე არსებულ პარამეტრებს. სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო კი თავის მხრივ 2021 წელს ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპით აღდგენის საფუძველს შექმნის.

„საქართველო იყო პრაქტიკულად პირველი ქვეყანა, რომელმაც საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან დაფინანსება მიიღო და შემდეგ ეს სიგნალი გახდა სხვა დონორებისთვისაც. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მოგცა პირველი 200 მილიონი დოლარი, შემდეგ კი სხვებმა: აზიის განვითარების ბანკმა, მსოფლიო ბანკმა, საფრანგეთის განვითარების სააგენტომ, რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკმა, ევროკავშირმა, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკმა და ა.შ. მთლიანობაში საუბარია 1.5 მილიარდ დოლარზე“, - აცხადებენ უწყებაში.