მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გამკაცრებულ შეზღუდვებზე საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა 

საფინანსო სექტორთან შეხვედრა

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, 28 ნოემბრიდან ამოქმედებული გამკაცრებული შეზღუდვები, მოქალაქეებისა და ბიზნესის მხარდამჭერი ღონისძიებების პაკეტი და ვაქცინაციის ეტაპისთვის მოსამზადებელი სამუშაოები იყო მთავარი თემები ონლაინ-ფორმატის შეხვედრაზე, რომელიც ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებსა და დონორებთან გაიმართა. 

ვიდეოკონფერენციაზე, რომელშიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მონაწილეობდნენ, საუბარი შეეხო საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარების მართვასთან დაკავშირებულ გეგმებსა და მოლოდინებს.

მთავრობის წევრებმა საერთაშორისო პარტნიორების ასევე მიაწოდეს ინფორმაცია იმ საკომპენსაციო პაკეტებზე, რასაც ხელისუფლება მოსახლეობასა და ბიზნესსექტორს სთავაზობს.

განსაკუთრებული ხაზგასმით აღინიშნა დონორებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერის როლი პანდემიის პირობებში.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობაზე, რომელიც ორიენტირებულია როგორც ვაქცინაციისთვის მომზადებაზე, ასევე პანდემიით გამოწვეული გლობალური კრიზისის დაძლევის შემდეგ სწრაფ ეკონომიკურ აღდგენაზე.

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა დაადასტურეს მზადყოფნა, მომავალშიც განაგრძონ საქართველოს მხარდაჭერა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში, ევროკავშირის ელჩის მრჩეველი ჟულიენ ქრამპსი, ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული დირექტორი მაჩიე ჩურა, აზიის განვითარების ბანკის რეგიონული დირექტორი შეინ როზენტალი, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სებასტიან მოლინეუსი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონული დირექტორი კატარინა ბიორლინ ჰანსენი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეგიონული დირექტორი სელიმ ჩაკირი და გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი.