მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გვენეტაძე: 2019 წელს მიკროსაფინანსო სექტორის საკრედიტო პორტფელმა ზრდის ტენდენცია შეინარჩუნა

კობა გვენეტაძე

„2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, არასაბანკო საფინანსო სექტორი 48 მიკროსაფინანსო ორგანიზაციით, სესხის გამცემი 204 სუბიექტით, ვალუტის გადამცვლელი 650 პუნქტითა და 2 საკრედიტო კავშირით იყო წარმოდგენილი", - ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, არასაბანკო საფინანსო სექტორის მთლიანი აქტივები 2 მლრდ ლარამდეა და მთლიანი საფინანსო სექტორის თითქმის 4 პროცენტს შეადგენს. 2019 წელს მიკროსაფინანსო სექტორის საკრედიტო პორტფელმა ზრდის ტენდენცია შეინარჩუნა და წლიურმა ზრდის ტემპმა 3 პროცენტი შეადგინა.

 „ფინანსური სექტორის მარეგულირებლებისათვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა ფინტექ იდეების მქონე ინოვატორების წახალისება და ამ იდეების მდგრად ფინანსურ მოდელად გარდაქმნის ხელშეწყობა. ამ გამოწვევის საპასუხოდ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გასულ წელს ფინანსური ინოვაციების ოფისი შექმნა, რომელიც ფინანსური ინოვაციების მქონე პირებსა და ეროვნულ ბანკს შორის ეფექტური კომუნიკაციის პლატფორმაა. ჩვენი ხედვაა, რომ ყველა ინოვატორს ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა, აჩვენოს თავისი ღირებულება, მოიპოვოს აღიარება და გააუმჯობესოს საქართველოს ფინანსური ბაზარი. შესაბამისად, ფინანსური ინოვაციების ოფისის როლია ინოვატორებს ფინანსური ბაზრის წესებისა და პრინციპების კარგად გათვითცნობიერებაში დაეხმაროს,“ - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

მისი განცხადებით, საოპერაციო რისკების მართვის თვალსაზრისით, ერთ-ერთ მთავარ რისკს კიბერ-რისკი და კიბერუსაფრთხოების მართვასთან დაკავშირებული თანამედროვე გამოწვევები წარმოადგენს.

" 2019 წელს კომერციული ბანკებისთვის კიბერ-უსაფრთხოების საზედამხედველო მოთხოვნები დაინერგა, გაგრძელდა მუშაობა ფინანსურ სისტემაში მონაცემთა ხარისხის ამაღლების მიმართულებით. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კიბერ-რისკის ზედამხედველობის სტრუქტურული ერთეული ჩამოაყალიბა, რომლის უშუალო მიზანს ფინანსური სექტორის კიბერ-რისკის შესწავლა და შემცირება წარმოადგენს,“ - განაცხადა კობა გვენეტაძემ.