მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ივანე მაჭავარიანი: 2021 წლის ბიუჯეტი დღევანდელი გამოწვევების ადეკვატურია

ფინანსთა მინისტრი

„2021 წლის ბიუჯეტი ადეკვატურია იმ გამოწვევების ფონზე, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტი სრულად პასუხობს იმ სოციალურ გამოწვევებსა და პრობლემებს, რომელიც COVID 19-მა დღის წესრიგში დააყენა. მან კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ დახმარებებზე, რომლებიც ეპიდემიის როგორც პირველი, ისე მეორე ტალღის პირობებში განხორციელდა.

„შეგახსენებთ, ეს იყო უმუშევრად დარჩენილი ადამიანების კომპენსაცია 6 თვის განმავლობაში, ასევე 6 თვის განმავლობაში გადასახადებზე შეღავათი, დენის სუბსიდირება ოჯახებისთვის, ბიზნესის მხარდაჭერა. მეორე ტალღა უფრო მძიმე აღმოჩნდა. კიდევ უფრო დაარტყა ჩვენს კომპანიებს, ეკონომიკას. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, ყველა ეს პროგრამა გაგრძელდეს 2021 წელს“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციების, პირველ რიგში, სავალუტო ფონდის, ასევე, სხვადასხვა კვლევის შეფასებით, ხელისუფლების მიერ განხორციელებული მხარდამჭერი ღონისძიებები ეფექტიანი და ადეკვატური იყო.

„ამდენად, ჩვენ ყველა საფუძველი გვქონდა იმისთვის, რომ ეს პროგრამები გაგვეგრძელებინა და მიგვაჩნია, რომ საუკეთესო არხები მოვძებნეთ ამ სოციალური სირთულეების შესუსტებისა და შერბილებისთვის“, - განაცხადა მან.

ფინანსთა მინისტრმა, ასევე, აღნიშნა, რომ ბიუჯეტი დაიგეგმა ისე, რომ შენარჩუნდა მაღალი კაპიტალური დანახარჯები 8%-ის მიდამოში, რაც მისი თქმით, ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში.

„ჩვენ შეძლებისდაგვარად შევარბილეთ ყველა სოციალური პრობლემა. არ ვამბობთ, რომ სრულად მოვაგვარეთ, მაგრამ შევამსუბუქეთ, როგორც ფიზიკური პირებისთვის, ასევე ბიზნესისთვის. ამავდროულად, შევუნარჩუნეთ განვითარებაზე ორიენტირებული ბიუჯეტის კომპონენტი. რის ხარჯზე? სამწუხაროდ, გაზრდილი დეფიციტის, გაზრდილი ვალის ხარჯზე. სწორედ ამიტომ, გამოწვევა 2021 წლის ბიუჯეტი კი არ არის, სინამდვილეში, ყველაზე დიდი გამოწვევაა, რას ვაკეთებთ 2022, 2023 და 2024 წლებში, იმისთვის, რომ მაკროეკონომიკური ჩარჩო, რომელიც მნიშვნელოვნად გაუარესდა, შემოვაბრუნოთ და გავაუმჯობესოთ,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მან კიდევ ერთხელ, მადლობა გადაუხადა პარლამენტის წევრებს ბიუჯეტის განხილვის პროცესში აქტიური მონაწილეობისთვის.

„ვფიქრობ, დღეს, საქართველოს პარლამენტმა აჩვენა მაღალი ხარისხის კვალიფიკაცია მაკროეკონომიკური, ფისკალური საკითხების მიმართ. კითხვები არ იყო პოპულისტური და იყო უფრო მწვავე, ვიდრე ნებისმიერი ოპოზიციონერი დასვამდა. ოპოზიციის კითხვები, როგორც წესი, პოპულისტური და საფუძველმოკლებულია.

ფინანსთა მინისტრისთვის კი ყველაზე მწვავე კითხვაა, თუ რას ვუპირებთ ვალს, დეფიციტს, გაუარესებულ მაკროეკონომიკურ პარამეტრებს და ამაზე იყო შესაბამისი პასუხები. ჩვენ გვჭირდება არაორდინალური ნაბიჯები, გვჭირდება ფისკალური კონსოლიდაციისკენ გადადგმული ნაბიჯები, რაც ნიშნავს შემოსავლების მაქსიმალურ მობილიზაციას და ხარჯების შეძლებისდაგვარად შემცირებას, მაგრამ

აქ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, ხარჯების ხარისხობრივი, თვისობრივი გაუმჯობესება. ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება ვიყოთ დაბალეფექტურები. გვჭირდება ყველა რესურსის მაქსიმალური მობილიზება და სწორედ ამ კონტექსტში იყო საუბარი საგადასახადო რეფორმაზე, მათ შორის, შეღავათებზე, საგადასახადო შეთანხმებებზე, სახელმწიფო საწარმოებზე, ამ კონტექსტში იყო ნახსენები ტექნოლოგიური სიახლეები და ინოვაციები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ჩვენს ფისკალურ მდგრადობას“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.