მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

მაჭავარიანი სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მერსედეს ვერა-მარტინის ხელმძღვანელობით საქართველოში მისია დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, COVID-19-ის გლობალური პანდემიიდან გამომდინარე, მისია ვირტუალურ რეჟიმში იმუშავებს.
მისი პირველი ონლაინ შევედრა ფინანსთა მინისტრთან, ივანე მაჭავარიანთან გაიმართა.

„მხარეებმა მიმოიხილეს მიმდინარე პერიოდში ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა, ასევე, მომავალი წლის ძირითადი ფისკალური და მაკროეკონომიკური პარამეტრები. საუბარი შეეხო მთავრობის ანტიკრიზისულ პოლიტიკას, COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებსა და ამ კუთხით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი 200 მლნ აშშ დოლარის საბიუჯეტო დახმარებას, ასევე, განიხილეს სსფ-ის მიერ მხარდაჭერილი ეკონომიკური რეფორმები მიმდინარე და შემდგომ პერიოდში“, - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.

როგორც აღინიშნა, გლობალური ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, საქართველო ინარჩუნებს ეკონომიკურ მდგრადობას, რასაც ადასტურებს ორი ავტორიტეტული სარეიტინგო კომპანიის (S&P; Fitch) მიერ საქართველოსთვის სუვერენული რეიტინგის შენარჩუნება.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე, კიდევ ერთხელ, ხაზი გაესვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარების მნიშვნელობას, რომელიც მიმართულია COVID-19-ის პანდემიის გავრცელების კონტროლისა და მისი უარყოფითი ეკონომიკური გავლენის შესამცირებლად.

შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები, სსფ-ის მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის საგადასახადო სისტემის მოდერნიზაციის მხარდაჭერის პროექტის რეზიდენტ მრჩეველი, საბიუჯეტო და მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტების ხელმძღვანელები.

მისია 14 სექტემბრამდე იმუშავებს.