მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქართული პირბადეები ექსპორტზე გავა

ქართული პირბადის შეფუთვა

"ადგილობრივი ბაზარი იმდენად გაჯერდა კარგი ხარისხის სამედიცინო და საყოფაცხოვრებო პირბადეებით, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირბადეების გატანა ექსპორტზეც დაიწყოს",- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ კომპანია „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსის“ სამედიცინო დანიშნულების პირბადეების საწარმოს გახსნის დროს განაცხადა. 

მინისტრის განცხადებით, სულ რამდენიმე თვის წინ, როცა მსოფლიო და საქართველო პანდემიის გამოწვევის წინაშე დადგა, საქართველო პირბადეების იმპორტიორი ქვეყანა იყო. თუმცა, კერძო სექტორის ჩართულობით, დღეს საქართველო პირბადეების იმპორტიორი ქვეყნიდან ექსპორტიორ ქვეყანად იქცა. 

„ნიუ ტექნოლოჯი იმპექსის“ მსგავსი საწარმოები, როლებიც მილიონობით მაღალი ხარისხის სამედიცინო პირბადეს აწარმოებენ და შეძლებენ მოამარაგონ არა მხოლოდ ადგილობრივი ბაზარი, არამედ ექსპორტზეც გაიტანონ პროდუქცია, ქმნიან ძლიერ ქართულ ეკონომიკას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ. 

მისი თქმით, ყველაფერი, რაც საქართველოში იწარმოება, მხარდაჭერილი იქნება სახელმწიფოს მხრიდან და ამაში წვლილი სახელმწიფო პროგრამებსაც შეაქვთ. 

„ჩვენი თანადგომით სულ უფრო მეტი საწარმო უერთდება პირბადეების წარმოების ინიციატივას და აწარმოებენ კომერციულ პირბადეებს არა მხოლოდ საქართველოს ბაზრისთვის, არამედ გარეთ გასატანად. ეს არის ის, თუ როგორ სწრაფად რეაგირებს ჩვენი კერძო სექტორი და ჩვენი ხელისუფლება იმ გამოწვევებზე, რასაც ბევრი სხვა გიგანტი ქვეყანა ვერ უმკლავდება ასე წარმატებით“, - აღნიშნა ნათია თურნავამ. 

საწარმოს გახსნას ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, „საპარტნიორო ფონდი“ დირექტორი დავით საგანელიძე, ტექნკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე, ჩინეთის ელჩი საქართველოში ლი იენი და მაღალი რანგის სხვა სტუმრები ესწრებოდნენ. 

„ნიუ ტექნოლოჯი იმპექსი“ ევროპული სტანდარტის, უმაღლესი ხარისხის პირბადეების საწარმოა საქართველოში, რომელიც ყველაზე თანამედროვე, სტანდარტების შესაბამისი დანადგარებით აღჭურვილ 2 საწარმოო ხაზს მოიცავს. საწარმოს წარმადობა სრული დატვირთვისას თვეში 12 მილიონ  პირბადეს შეადგენს. პროდუქცია Faceguard-ი განკუთვნილია,  როგორც ადგილობრივი, ასევე საექსპორტო ბაზრებისთვის. პროექტი განხორციელდა კერძო ინვესტიციებით და „თიბისი“ ბანკის ფინანსური მხარდაჭერით. „ საპარტნიორო ფონდს“ პროექტში ფინანსური თანამონაწილრეობა არ მიუღია. პირბადეების საწარმო „ნიუ ტექნოლოჯ იმპექსში“, პირველ ეტაპზე 50-მდე ადამიანი დასაქმდება.