მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 31.86 მლნ ლარით შემცირდა

საქართბელოს ეროვნული ბანკის შენობა

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2020 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით 31.86 მლნ ლარით (0.09%-ით) შემცირდა და მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის 36.35 მლრდ ლარი შეადგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

სებ-ის ინფორმაციით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 468.32 მლნ ლარით (3.03%-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 500.18 მლნ ლარით (2.39%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, შემცირდა 0.68%-ით)

ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2020 წლის ოქტომბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 4.90 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 4.66%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 12.54 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.08%-ით ნაკლები) მოცულობის სესხი.

„2020 წლის ოქტომბრის განმავლობაში 0.16%-ით, ანუ 29.13 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის 18.08 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 43.87 პროცენტი შეადგინა, 2020 წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 1.33 პროცენტული პუნქტით“, - ნათქვამია განცხადებაში.