კორონავირუსის მიზეზით გამოცხადებული კარანტინი მსოფლიოს მიმდინარე წელს 5%-იან ეკონომიკურ ვარდნას უქადის, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, შეერთებული შტატებისთვის დიდი დეპრესიის შემდეგ ყველაზე დიდ რეცესიას ნიშნავს. ეკონომიკური ვარდნის მასშტაბი სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაა, ისევე როგორც სხვადასხვაა მოლოდინები.
ბრიტანულმა კვლევითმა ორგანიზაციამ YouGov-მა 26 ქვეყანაში 27 000 ადამიანი გამოკითხა. რესპოდენტებს უნდა ეპასუხათ მარტივ კითხვაზე, თუ რა ეკონომიკური მოლოდინი გააჩნიათ უახლოესი 12 თვის მანძილზე. გამოკითხულთა აბსოლუტური უმჯრავლესობის მოლოდინი პესიმისტურია.
მექსიკაში გამოკითხულთა 75% მიიჩნევს, რომ ეკონომიკა შემცირდება, 8%-ს ზრდის იმედი აქვს, 11% ფიქრობს, რომ არაფერი შეიცვლება, 5%-ს პროგნოზირება უჭირს. მექსიკა ვირუსმა მნიშვნელოვნად დააზარალა. ინფიცირებულთა რაოდენობა 0.5 მლნ-ს აღწევს და მე-7 ადგილს იმყოფება, 54 666 გარდაცვლილით კი მე-3 ადგილზეა. მძიმე ვითარება მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით - 423 გარდაცვლილი 1 მლნ მოსახლეზე - მე-13 ადგილი მსოფლიოში.
მოსახლეობის 3/4-იც პესიმისტურ განწყობაზეა ჰონკონგშიც, თუმცა ამ შემთხვევაში კორონა ნაკლებადაა დამნაშავე. ქალაქ-სახელმწიფოში ინფიცირების 4313 და გარდაცვალების 65 შემთხვევაა აღრიცხული. ჰონკონგის რეალური საფრთხე პეკინის მიერ თავსმოხვეული „უსაფრთხოების კანონი" და დეფაქტო დამოუკიდებლობის დასასრულის მოახლოებაა.
საფრანგეთში რეცესიას გამოკითხულთა 74% ელის. 30 371 გარდაცვლილი 206 696 ინფიცირებულიდან სიკვდილიანობის კოეფიციენტი - 14.7% მსოფლიო საშუალოზე - 3.6%-ზე 4.1-ჯერ მეტი. საფრანგეთში პოზიტიურად მხოლოდ მოსახლეობის 6%-ა განწყობილი.
ნეგატიური განწყობა 60%-ს აჭარბებს აგრეთვე: ესპანეთში, ბრიტანეთში, სინგაპურში, პოლონეთში, იტალიაში, ფინეთსა და ფილიპინებზე.
ჩინეთში, საიდანაც ვირუსი მთელ მსოფლიოში გავრცელდა, განწყობა ბევრად უკეთესია და რეცესიის მოლოდინი გამოკითხულთა მხოლოდ 30%-ს გააჩნია. 50% ფიქრობს, რომ არაფერი შეიცვლება, 12% კი ზრდას მოელის.
ნეგატიური განწყობა ყველაზე დაბალი ვიეტნამშია - 24%. ყველაზე მაღალი პოზიტიური განწყობა კი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში - 27%. აღსანიშნავია რომ არცერთ ქვეყანაში პოზიტიური განწყობა ნეგატიურს არ სჯობს.