მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლილუაშვილი: 2024 წლისთვის საქართველოს ეკონომიკა, მსყიდველუნარიანობის პარიტეტით შეფასებული მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლით, ერთ სულ მოსახლეზე გადააჭარბებს 20 000 დოლარს, ხოლო 2025 წლის განმავლობაში 21 000 დოლარს

პრემიერის მრჩეველი

„ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრის ბექა ლილუაშვილის განცახდებით, გარდა იმისა, რომ 2021-2025 წლებში საშუალო ეკონომიკური ზრდა იქნება 5.5 პროცენტი და ამ მაჩვენებლით საქართველო ევროპასა და ფართო რეგიონში პირველი ქვეყანა იქნება, საყურადღებოა კიდევ ერთი თემა - „მაღალ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვნად იზრდება თითოეული ჩვენი მოქალაქის დოვლათი, რადგან 2024 წლისთვის უკვე საქართველოს ეკონომიკა მსყიდველუნარიანობის პარიტეტით შეფასებული მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლით ერთ სულ მოსახლეზე გადააჭარბებს 20 000 საერთაშორისო დოლარს, ხოლო 2025 წლის განმავლობაში 21 000 საერთაშორისო დოლარს“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრმა.

ბექა ლილუაშვილმა საგარეო ვაჭრობის მონაცემებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს, ექსპორტში, სექტემბერში, წინა წლის სექტემბერთან შედარებით, პანდემიის შემდგომ, პირველად დაუფიქსირდა 8.6 პროცენტიანი ზრდა.

„გარდა ამ შეფასებისა, ეკონომიკაში ჩვენ ასევე ვაკვირდებით უკვე მიმდინარე პერიოდში გაჯანსაღების სხვადასხვა წყაროს, მაგალითად ეს არის საგარეო ვაჭრობის მონაცემები, სადაც ექსპორტში, ჩვენ, სექტემბერში, წინა წლის სექტემბერთან შედარებით, პანდემიის შემდგომ, პირველად დაგვიფიქსირდა 8.6 პროცენტიანი ზრდა.

გარდა ამისა, შემცირებული იმპორტის ფონზე, გაუმჯობესდა, რა თქმა უნდა, სავაჭრო ბალანსის მაჩვენებელი. ჩვენ ვაკვირდებით გაუმჯობესებას ინვესტიციების მაჩვენებლებში, საბანკო პორტფელებში, როგორც სესხების, ასევე დეპოზიტების მიმართულებით. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს ეკონომიკის სტაბილიზაციის და ეტაპობრივი გაჯანსაღების პროცესი და ის ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს და დაგეგმილი რეფორმები დაეხმარება ქვეყანას, რომ სწრაფად გამოვიდეს ეკონომიკურ კრიზისიდან და დაიწყოს გაჯანსაღების დინამიკა.

ამ ეკონომიკური პოლიტიკის სანდოობა უკვე აღიარებულია, მათ შორის, სუვერენული საერთაშორისო რეიტინგების შეფასებებშიც, რომლებმაც სხვა ქვეყნებისთვის რეიტინგის გაუარესების ფონზე, საქართველოს რეიტინგი დატოვეს უცვლელი, რაც ფართო საერთაშორისო აღიარებას ნიშნავს საინვესტიციო საზოგადოებისგან, რომ საქართველოში არსებული ეკონომიკური პოლიტიკა არის შედეგიანი და სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ეპიდემიის გავრცელებისგან თავის დასაცავად ყველაზე მნიშვნელოვანია წესების დაცვა, რათა არ შეფერხდეს ეკონომიკაში ის პოზიტიური ინერცია, რაც ახლა გვაქვს.

„ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ჩვენგანმა, ერთობლივი ძალისხმევით დავიცვათ ჰიგიენის ის ელემენტარული ნორმები და წესები, რაც დადგენილი გვაქვს ეპიდემიოლოგების მიერ, რომ მაქსიმალურად ავირიდოთ ეპიდემიის გავრცელება საქართველოში, რადგან არ შევაფერხოთ და ხელი არ შევუშალოთ ეკონომიკაში იმ პოზიტიურ ინერციას, რაც ეკონომიკამ უკვე აკრიბა და სწრაფად გამოვიყვანოთ ეკონომიკა კრიზისული მდგომარეობიდან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თითოეული ჩვენგანისთვის და თითოეული ქართული ოჯახისთვის, რომ სწრაფად აღდგეს სამუშაო ადგილები, ადამიანებმა დაიბრუნონ და აღიდგინონ შემოსავლები და მიხედონ საკუთარ ოჯახებს“, - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

ცნობისთვის, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მსოფლიო ეკონომიკის პროგნოზის მიმოხილვა გამოაქვეყნა. ფონდის პროგნოზით, საქართველო უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში ეკონომიკის აღდგენა-გაჯანსაღებისა და ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით რეგიონული ლიდერი იქნება.