მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მაია ცქიტიშვილი: განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა რესურსის გამოყენება მნიშვნელოვანია

რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ჟურნალისტებთან

„განათლების საერთაშორისო ცენტრს 6 წლის განმავლობაში 850-ზე მეტი სტიპენდიატი ჰყავს და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი რესურსის გამოყენება“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის მრჩეველთა საბჭოს სამუშაო შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში საზღვარგარეთიდან 600-ზე მეტი სტუდენტი დაბრუნდა.

„დღეისათვის საქართველოში დაბრუნდა 600-ზე მეტი სტუდენტი. მათ საერთაშორისო დონის განათლება მიიღეს საუკეთესო უნივერსიტეტებში და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა კურსდამთავრებული, თავისი დარგის მაღალი დონის სპეციალისტია. ახალგაზრდებს აქვთ ძალიან კარგი გეგმები, ბევრი მათგანი დასაქმებულია საჯარო სექტორში, ხოლო ის ვინც კერძო სექტორში აგრძელებს კარიერას, თანამშრომლობს საჯარო სექტორთან სხვადასხვა ტიპის პოლიტიკის სტრატეგიის განსაზღვრის პროცესში. ყოველთვის სასიამოვნოა ამ ახალგაზრდებთან შეხვედრა და იმ ამბიციურ გეგმებზე აზრთა გაცვლა-გამოცვლა, რაზეც ასოციაციის მრჩეველთა საბჭოს ფორმატში ვსაუბრობთ,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაცია 2 წლის წინ ჩამოყალიბდა. იმავე წელს შეიქმნა ასოციაციის მრჩეველთა საბჭო, რომლის წევრები სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები არიან.