მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარტში ახალი ვაკანსიების რაოდენობა 37%-ით შემცირდა

ვაკანსიები შემცირდა

კორონავირუსის პანდემიამ ეკონომიკური პრობლემები მთელ მსოფლიოში წარმოშვა. შეერთებულ შტატებში მარტში სამუშაო ადგილი 2.99 მლნ ადამიანმა დაკარგა. უმუშევრობა გაიზარდა საქართველოშიც. ძველი სამსახურების დაკარგვასთან ერთად მნიშვნელოვნად შემცირდა ახალი ვაკანსიების რაოდენობაც.

2020 წლის დასაქმებისა და უმუშევრობის ოფიციალური სტატისტიკა ჯერ ცნობილი არ არის. საქსტატის ვებგვერდზე მხოლოდ 2019 წლის მონაცემების ნახვაა შესაძლებელი, რომლის მიხედვითაც უმუშევრად სულ 221 ათასი ადამიანი ითვლებოდა, სამუშაო ძალის 11.6%. დასაქმებულად 1.69 მლნ ადამიანი ითვლებოდა, საიდანაც 849 ათასი დაქირავებით დასაქმებული იყო და საშემოსავლო გადასახადს იხდიდა, 840 ათასი პირი თვითდასაქმებილად ითვლებოდა, 50 ათასი ადამიანის სტატუსი გაურკვევლად მიიჩნეოდა. 1.126 მლნ ადამიანი სამუშაო ძალის გარეთ იყო დარჩენილი.

მიუხედავად იმისა, რომ რეალური სამუშაო ადგილები ქალაქში უფრო მეტია, ვიდრე სოფელში, ქალაქში უმუშევრობის დონე 17.4%-ით იყო განსაზღვრული, ხოლო სოფელში 5.5%-ით, რაც დასაქმებულის სტატუსის განმარტებით აიხსნება. დასაქმებულად, კონკრეტულად კი თვითდასაქმებულად ითვლება ის ადამიანიც, რომელსაც ძალიან მცირე მეურნეობა გააჩნია, მაშინაც კი თუ ამ მეურნეობიდან მიღებული შემოსავალი წელიწადში 1000 ლარზე ნაკლებია.

2018 წლის ბოლოსთვის საჯარო სექტორში 300 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული, 1.35 მლნ კი კერძოში, თუ მას თვითდასაქმებულებს გამოვაკლებთ აღმოჩნდება, რომ დაქირავებით დასაქმებული 850 ათასი ადამიანიდან 300 ათასი, ანუ 35%-ზე მეტი საჯარო სამსახურშია დასაქმებული და ხეფასს ბიუჯეტიდან იღებს.

საჯარო მოხელეებს კრიზისი ნაკლებად ემუქრებათ, თუმცა დარჩენილი 550 ათასი ადამიანიდან ბევრმა სამუშაო უკვე დაკარგა, ნაწილმა დროებით, ნაწილმა უფრო გრძელვადიანი პერიოდით. თუ ბანკები, აფთიაქები და სასურსათო მაღაზიები მუშაობს თითქმის ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ, სხვა არასასურსათო მაღაზიები, კაფე-ბარები, რესტორნები, სასტუმროები, ტურისტული და ავიაკომპანიები... ისინი ვინც გაყიდვებზე იყვნენ დამოკიდებული შემოსავლის გარეშე დარჩნენ. სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე ასეთი კოპნანიები ონლაინ რეჟიმში მუშაობას ვერ ახერხებენ. დამსაქმებლების დიდმა ნაწილმა თანამშრომლები გაურკვეველი ვადით უხელფასო შვებულებაში გაუშვა. საერთო მოთხოვნის შემცირების გამო, საგანგებომ მდგომარეობის დასრულების შემდეგ ყველა მათგანი ძველ სამუშაოს ვეღარ დაუბრუნდება.

სანამ 2020 წლის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები გასაჯაროვდება PIA.GE საქართველოში ორ ყველაზე დიდ ვაკანსიების გამომქვეყნებელ საიტს JOBS.GE-სა და HR.GE-ს დაუკავშირდა, იმის გასარკვევად თუ რამდენი პროცენტით შემცირდა მარტში ახალი ვაკანსიების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

HR.GE-დან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად 2020 წლის მარტში, გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა 2019 წლის მარტთან შედარებით თითქმის 1/3-ით, კონკრეტულად კი 31%-ით შემცირდა.

ვარდნის ტემპი უფრო მაღალია JOBS.GE-ზე გამოქვეყნებულ ვაკანსიებში. კერძოდ ის 3716-დან 2355-მდეა შემცირებული, რაც 36.7%-იან კლებას ნიშნავს. შემცირებულია როგორც ქართულენოვანი 3049-დან 2081-მდე, ვარდნა 31.8%, ასევე ინგლისურენოვანი ვაკანსიების რაოდენობა 486-დან 264-მდე, ვარდნა 45.7%. კლება აღინიშნება პრაქტიკულად ყველა მიმართულებით: ადმინისტრაცია/მენეჯმეტი 789-დან 442-მდე, ვარდნა 44%, გაყიდვები 891-დან 592-მდე, ვარდნა 33.6%, საფინანსო სექტორი 492-დან 378-მდე ვარდნა 23.2%, მარკეტინგი 170-დან 122-მდე ვარდნა 28.3%.

გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები მარტის მეორე ნახევრიდან ამოქმედდა, საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა და მისი პირობები 31 მარტიდან გამკაცრდა, შესაბამისად აპრილის მაჩვენებლებში კლება უფრო თვალში საცემი გახდება.

ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით მთავრობამ, ეკონომიკის სტიმულირებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 მლრდ ლარი გამოყო. თუ რა მიმართულებებს მოაკლდებათ ეს თანხა და რაში დაიხარჯება კონკრეტულად დაზუსტებული არაა. საუბარია ზოგადად იმ ადამიანების კომპენსაციაზე, რომლებმაც სამსახური დაკარგეს. ერთი რაც ცნობილია ეს კომუნალური გადასახადების დაფარვაა. ყველა იმ ფიზიკურ პირს რომელიც 200 კვტ/სთ-ზე ნაკლებ ელექტროენერგიასა და 200 კუბურ მეტრ ბუნებრივ გაზზე ნაკლებს ხარჯავს 3 თვის განმავლობაში 3 თვის განმავლობაში გადასახადი ბიუჯეტიდან დაუფინანსდება.