მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნათია თურნავა: ჰიდროელექტროსადგურები - ეს არის შემოსავლები, სამუშაო ადგილები და ეკონომიკური წინსვლა

მდგრადი განვითარების მინისტრი

„ჰიდროელექტროსადგურების პროექტების განხორციელება ძალიან სკურპულოზური საჯარო განხილვების შედეგად ხდება. ეს ნამდვილად არ მომხდარა ერთ დღეში და არამც და არამც საგანგებო ვითარებაში, ეს არის მრავალწლიანი პროცესი“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღესდღეობით საქართველოში მიმდინარე ჰესების პროექტებზე საუბრისას.

მინისტრმა იმ ოპონენტებს უპასუხა, რომლებიც ხელისუფლებას პანდემიის გამო არსებული საგანგებო მდგომარეობის დროს ჰესების პროექტებზე მუშაობის გამო აკრიტიკებენ.

„ოპოზიაცია ან საქმის კურსში არ არის ჩვენსა და მოსახლეობას შორის კომუნიკაციის თაობაზე, ან უბრალოდ, განზრახ ამახინჯებს ამ პროცესებს. თვითონ საგანგებო მდგომარეობის დროსაც, თითოეული ჩვენი ნაბიჯი ძალიან დეტალური კომუნიკაციის შედეგია მთლიანად მოსახლეობასთან და კონკრეტულად იმ ჯგუფებთან, ვისაც ესა თუ ის ნაბიჯი ეხება“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მინისტრის განცხადებით, მისასალმებელია, რომ მიუხედავად პანდემიისა და საგანგებო ვითარებისა, საქართველოში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები არ შეფერხებულა.

„ეს ეხება როგორც ჰიდროელექტროსადგურებს: ონს, ნამახვანს, რომლის მშენებლობაც პრაქტიკულად დღე-დღეზე დაიწყება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ენერგოსექტორისთვის, ასევე ფოთის პორტის პროექტს, რომლზეც მუშაობა არ შეფერხებულა და დაჩქარდა. ეს არის იმის სამომავლო წინაპირობა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ წელს ეკონომიკური ზრდის კლება გვექნება, 2021 წელს გვექნება ზრდა და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი - ეს არის შემოსავლები, სამუშაო ადგილები, ეკონომიკური წინსვლა და ეს არავის უნდა აღიზიანებდეს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.