მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნათია თურნავა: საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელიც აცხადებს, რომ ტურისტული ინდუსტრია იქნება ყველაზე მეტად უსაფრთხო

საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელიც აცხადებს, რომ ტურისტული ინდუსტრია იქნება ყველაზე მეტად უსაფრთხო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ტურიზმის სექტორში მომუშავე ასოციაციების და სასტუმროების წარმომადგენლებს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე განხილული იქნა აღნიშნულ სექტორში დასაქმებულთა ორგანიზებული ვაქცინაციის შესაძლებლობები და დარგის წინაშე არსებული სხვა გამოწვევები.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელიც აცხადებს, რომ ტურისტული ინდუსტრია იქნება ყველაზე მეტად უსაფრთხო და მზად არის, ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებული აცრილი თანამშრომლებით უმასპინძლოს საერთაშორისო ტურისტებს.

„დღეს გვქონდა პირველი, ტექნიკური სამუშაო ხასიათის შეხვედრა. ვისაუბრეთ, როგორ წარვმართოთ ეს პროცედურა სწრაფად, როგორ იყოს ის მეტად კომფორტული და ოპერატიული, ვინაიდან ტურისტული სეზონი უკვე დაწყებულია.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე იმ სასტუმროებსა და რესტორნებს, რომელთა თანამშრომლების უმრავლესი ნაწილი იქნება აცრილი,უკვე ვთავაზობთ ისეთ სარგებელს, როგორიცაა საერთაშორისო მარკეტინგულ კამპანიაში მონაწილეობა ჩვენი ძალებით.

ეს ნიშნავს, რომ თითოეული ასეთი ობიექტის შესახებ ინფორმაცია ძალიან ფართოდ იქნება მსოფლიოში გავრცელებული, ვინაიდან საერთაშორისო ტურისტები ეძებენ სწორედ ისეთ ქვეყნებს, სადაც ტურისტული, სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრია უსაფრთხოა და საქართველო სწორედ ასეთი ქვეყანა იქნება და ამის შესახებ ყველა შეიტყობს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ტურიზმის ინდუსტრიამ გამოავლინა მზადყოფნა და ბევრმა დამსწრე, სასტუმრომ თუ რესტორანმა გაიზიარა თანამშრომლების ნებაყოფლობითი ვაქცინაციის ინიციატივა.

„ძალიან საინტერესო იდეები მოვისმინეთ. წამოვიდა წინადადება, შეიძლება თუ არა გავრცელდეს ეს პრიორიტეტული ვაქცინაცია არამარტო თანამშრომლებზე, არამედ სურვილის შემთხვევაში მათი ოჯახის წევრებზეც და ჩვენ ამ თვალსაზრისით აღვუთქვით დახმარება.

ასევე აღინიშნა, რომ ამ ეტაპზე ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან იქნება მაქსიმალური ხელშეწყობა და იმ რეგიონებში, უშუალოდ ამ ობიექტების მახლობლად იქნება ძალიან მაღალ დონეზე მოწყობილი ვაქცინაციის ცენტრები, რა თქმა უნდა, ძალიან უსაფრთხო, ძალიან კვალიფიციური პერსონალის დახმარებით“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი და ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე.