მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნათია თურნავა: Wizz Air საქართველოში რჩება

ვიზერარი ფრენებს აჩერებს

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა „ვიზეარის“ მიერ საქართველოს შესაძლო დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ ფაქტი კომპანიასთან თავად გადაამოწმა.

მინისტრის განცხადებით, დაბალბიუჯეტიანი უნგრული ავიაკომპანია საქართველოში 2012 წლიდან ოპერირებს და საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ „ვიზეარის“ არეალი გაფართოებულიყო. ნათია თურნავას თქმით, ახალი კორონავირუსის პანდემიამდე, „ვიზეარი“ საქართველოდან 30-მდე მიმართულებით ოპერირებდა და კიდევ 10-მდე ახალი მიმართულება ჰქონდა დააანონსებული.

„ახლახან პირადად ვესაუბრე კომპანიას და „ვიზეარი“ თავადაც დაადასტურებს საჯაროდ, რომ არსად არ გადის, აგრძელებს საქართველოს ხელისუფლებასთან და საქართველოსთან თანამშრომლობას, ერთგული რჩება თავისი მომხმარებლების, ჩვენი მოქალაქეების, ვინც მთელი ამ წლების განმავლობაში „ვიზეარის“ მეშვეობით და ჩვენი ხელშეწყობით ძალიან კომფორტულად და საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასებით მგზავრობდა საქართველოდან და პირიქით“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, დღეს ავიაციის გლობალური ინდუსტრია საკმაოდ დიდი სირთულეების წინაშეა და ბუნებრივია, ნებისმიერი ავიაკონმპანია ცდილობს შეამციროს დანახარჯები, აკეთებს სხვადასხვა თვითმფრინავების გადაჯგუფებას, რეალოკაციას, რაც არის წმინდა ტექნიკური საკითხი. ამიტომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, „ვიზეარს“ თვითმფრინავი ქუთაისის აეროპორტში ეყოლება დაყენებული, თუ რომელიმე თავის ბაზაზე გადაიყვანს.

„მთავრია, რომ „ვიზეარი“ არსად გადის. კომპანიის განაცხადი შემოსულია ოფიციალურად ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით და ელოდება ჩვენს შეტყობინებას. რა მომენტშიც ვიქნებით მზად და ჩავთვლით შესაძლებლად, რომ უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით გარკვეული მიმართულებები უნდა გააქტიურდეს, „ვიზეარი“ გააგრძელებს ფრენებს და ამას თავად კომპანია უახლოეს ხანებში დაადასტურებს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ევროკავშირმა საქართველოს საზღვრები 1-ლი ივლისიდან გაუხსნა, თუმცა საქართველომ რეგულარული ფრენები 1თვით 1-ელ აგვისტომდე გადადო. გადაწყვეტილება მსოფლიოში შექმნილი ეპიდვითარებით იქნა ახსნილი.