მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნავთობზე ფასი მინუსში ნარჩუნდება - რამ გამოიწვია კოლაფსი

ნავთობის კოლაფსი

1 ბარელი ამერიკული მსუბუქი ნავთობის მაისის ფიუჩერსული ფასი მინუსში გავიდა და ბარელზე -$3.43 შეადგინა, თუმცა რამდენიმე საათის განმავლობაში -$38-ადაც ივაჭრებოდა, რაც აბსოლუტური რეკორდია. აქამდე ყველაზე დაბალი ფასი -11 დოლარი 1986 წელს იყო დაფიქსირებული.

თავისუფალ ბაზარზე ფასს მოთხოვნა-მიწოდება არეგულირებს. მოთხოვნის შემცირების გამო ფასის კლება ლოგიკურია, თუმცა კითხვები უარყოფითმა ფასმა გააჩინა. ნავთობის სპეციფიკიდან გამომდინარე წარმოების გაჩერება და სასურველი ფასის მიღების დროს ამუშავება ასეთი მარტივი არ არის და ის უფრო ძვირი ჯდება, თან დროშიც გაწელილია. ასევე არ შეიძლება მისი ადგილზე დაღვრა, რომელიც თავად ჭაბურღილსაც უარგისს გახდის და გარემოსაც მილიარდობით დოლარ ეკოლოგიკურ ზარალს მიაყენებს, შესაბამისად მოპოვებული ნედლეულის თავიდან მოსაშორებლად მწარმოებელს უღირს მის მყიდველს იქეთ გადაუხადოს ფული.

განსხვავებით WTI-სგან უფრო მაღალი ხარისხის Brent-ის ტიპის ნავთობის ივნისის ფიუჩერსული ფასი $18-ზე ნარჩუნდება, თუმცა ესეც მნიშვნელოვანი 30%-იანი კლებაა ბოლო 24 საათში. ორშაბათს 20 აპრილს ფასი $25-ს აღემატებოდა.

როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვანო მთვრალაშვილმა PIA.GE-სთან საუბარში განაცხადა, 21 აპრილს ძველ კონტრაქტებს ვადა ეწურებოდა და ფასების ასეთი ვარდნა ამ მიზეზმაც განაპირობა. მისივე ინფორმაციით 160 მლნ ბარელი ნავთობი ღია ზღვებში ტანკერებშია გაჩერებული და მყიდველს ელოდება.

მიუხედავად იმისა, რომ „შავ ოქროზე“ ფასები ვარდნა თებერვლიდან დაიწყო. საქართველოში პირველ კვარტალში იმპორტის მოცულობამ $150 მლნ შეადგინა, ზუსტად იმდენი, რამდენიც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. ვანო მთვრალაშვილის განმარტებით კომპანიებმა იმავე მოცულობის იმპორტი წინასწარ განახორციელეს, თუმცა გაყიდვები განახევრებულია, ბოლო რამდენიმე დღეს კი 0-ს მიახლოებული. მისივე თქმით ფასები უკვე რამდენჯერმე შემცირდა და კლება მომავალშიც გაგრძელდება, მაგრამ რადგან Platts-ზე, სადაც მზა პროდუქტი იყიდება ბენსინისა და დიზელის სახით, ფასები მინუსში არ გადის და რადგან კომპანიებს სხვა მუდმივი ხარჯიც აქვთ: აქციზი, ტრანპორტირება, ხელფასები, რასაც გაუფასურებული ლარიც ემატება, საცალო ფასი ბარელის ფასის პროპორციულად ვერ შემცირდება.

მიმდინარე წელს ნავთობზე ფასის ვარდნა კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია. 3 მლრდ-ზე მეტი ადამიანი იძულებით სახლშია გამოკეტილი. ფრენი თითქმის განულებული, სახმელეთო მოძრაობა და წარმოება მნიშვნელოვნად შემცირებული. OPEC+ ქვეყნების მიერ მოპოვების რეკორდულად შემცირების მიუხედავად, როგორც მოსალოდნელი იყო, ფასებმა ვარდნა განაგრძო, რადგან მოთხოვნა წარმოებაზე უფრო მეტადაა შემცირებული.