მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

"ნენსკრა ჰიდრომ" ეკონომიკის სამინისტროს სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა

ნენსკრას ლოგო

ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელმა კომპანიამ - სს „ნენსკრა ჰიდრომ“ ეკონომიკის სამინისტროს კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა. აღნიშნული დახმარება საქართველოს პროექტის ინვესტორმა - კორეის წყლის რესურსების კორპორაცია «K-water»-მა გამოუგზავნა.

კომპანიამ კორეიდან 100 უკონტაქტო თერმომეტრისა და 200 ერთეული სამედიცინო სპეცტანსაცმლის ჩამოტანა უზრუნველყო. აღნიშნულ დახმარებაში «K-water»-ის თანამშრომლებმა ინდივიდუალურად შეიტანეს წვლილი. 

„ამ საქველმოქმედო აქტით გვსურს, ჩვენი მცირედი წვლილი შევიტანოთ კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში. მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს საელჩოს კორეაში და კორეის წარმომადგენლობას საქართველოში მათი მხარდაჭერისთვის. დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, გამოვიჩინოთ სოციალური პასუხისმგებლობა და სოლიდარობა, რაც ყველას ერთად მოგვცემს შესაძლებლობას, დავამარცხოთ პანდემია. ჩვენი კომპანია სამშენებლო სამუშაოების პარალელურად, სოციალური პასუხისმებლობის ფარგლებში მესტიის მუნიციპალიტეტის ჭუბერისა და ნაკრას ადმინისტრაციულ ერთეულებში არაერთ პროექტს ახორციელებს. გასულ წელს „ნენსკრა ჰიდროსა“ და კორეული „K-water“-ის დაფინანსებით ჭუბერის ამბულატორიას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. გარდა მცირე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა, ხეობებში ვახორციელებთ პროფესიული განათლების, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის პროექტებს, რომლებიც რეგიონის მდგრად განვითარებას ისახავს მიზნად. 2017 წლიდან დღემდე კოპმპანიამ სოციალურ პროექტებზე 2 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა,“ - განაცხადა სს „ნენსკრა ჰიდროს“ აღმასრულებელმა დირექტორმა სუნიანგ კიმმა.

სს „ნენსკრა ჰიდრო“ კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-water-ისა და სს „საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა. კომპანია მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში მაღალკაშხლიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას განახორციელებს. ჰიდროელექტროსადგური, რომლის დადგმული სიმძლავრე 280 მეგავატია, საქართველოს ყოველწლიურად 1’219.00 გვტ.სთ ელექტროენერგიას მიაწვდის. გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად ადგილობრივ ბაზარს მოხმარდება.