მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიკოლოზ გაგუა: საქართველოს ეკონომიკა 2021-2025 წლებში დაახლოებით, 5.5%-ით გაიზრდება

საქართველოს ეკონომიკა  2021-2025 წლებში დაახლოებით, 5.5%-ით გაიზრდება

საქართველომ შეინარჩუნა რეფორმატორი ქვეყნის იმიჯი და განახორციელა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც მომავალი წლიდან ეკონომიკის გამოცოცხლებას შეუწყობს ხელს, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული გლობალური ეკონომიკის ოქტომბრის თვის მიმოხილვის შეფასებისას.

მისი თქმით, მიმოხილვაში, ზოგადად, ასახულია ის ეკონომიკური დინამიკა, რაც მიმდინარე წელს გამოიკვეთა მსოფლიო მასშტაბით, ასევე, საუბარია საშუალოვადიან პერსპექტივაზე.

გაგუა აგრეთვე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ საპროგნოზო მაჩვენებლებს გამოეხმაურა.

„საქართველოს შემთხვევაში, აშკარად გამოიკვეთა 2021-2025 წლების დადებითი დინამიკა. ჩვენი ქვეყანა ამ პერიოდში, დაახლოებით, 5.5%-ით გაიზრდება და ეს მაჩვენებელი იქნება ყველაზე მაღალი არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ მთელ ევროპაში. ჩვენი ეკონომიკური აღმავლობისა და გამოცოცხლების მიზეზად, შეგვიძლია ჩამოვთვალოთ რამდენიმე ფაქტორი: ჩვენ მიმდინარე წელს შევინარჩუნეთ საკმაოდ მაღალი ინფრასტრუქტურული მშენებლობის ტემპი და ეს ტემპი გაგრძელდება იმ უმნიშვნელოვანესი პროექტების დაფინანსებით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს პოტენციური ეკონომიკური ზრდისთვის. ასევე, ჩვენ შეინარჩუნეთ რეფორმატორი ქვეყნის იმიჯი და განვახორციელეთ რეფორმები, რომელიც მომავალი წლიდან ეკონომიკის გამოცოცხლებას შეუწყობს ხელს. ამავე დროს, მიმდინარე წელს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებები და მიღწეული შედეგი, იძლევა იმის გარანტიას, რომ ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობა ეჭვქვეშ არ დგას, რაც დადასტურებულია როგორც თავად საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ისე ავტორიტეტული საკრედიტო სარეიტინგო ორგანიზაციების შეფასებებში“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ.

როგორც ცნობილია, გამოქვეყნდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის გლობალური ეკონომიკის ოქტომბრის თვის მიმოხილვა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეკონომიკა ევროპასა და რეგიონში 2021-2025 წლებში ყველზე მაღალი ტემპებით გაიზრდება.