მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნინო თანდილაშვილი: ქართული ენდემური ხორბლის ჯიშების აღდგენა პრიორიტეტულია

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელთან, ლუიზა ვინტონთან ერთად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში მდებარე ენდემური და ადგილობრივი ხორბლის ჯიშების სადემონსტრაციო-სანერგე მეურნეობა დაათვალიერა და იშვიათი ქართული ხორბლის ჯიშების - დიკასა და შავფხას მოსავლის აღების პროცესს დაესწრო.

ღონისძიებაზე, რომელსაც ფერმერები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ნინო თანდილაშვილმა ხორბლის ჯიშთა აღდგენის, შენარჩუნებისა და გამრავლების მიმართულებით სახელმწიფოს პოლიტიკაზე ისაუბრა.

„ქართული ენდემური ხორბლის ჯიშების აღდგენისა და წარმოების ხელშეწყობა სამინისტროს სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენს. ჩვენ სელექციის და ახალი ჯიშების წარმოების უზარმაზარი პოტენციალი გვაქვს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

„მნიშვნელოვანია, ისეთი ენდემური და ადგილობრივი ჯიშების აღდგენა, რომელიც კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგია და გამორჩეულია გემოვნური თვისებებით. მოხარული ვარ, რომ ხორბლის ჯიშთა აღდგენის საკითხი, ჩვენი მხარდაჭერით ადგილობრივ ინიციატივებს და ენთუზიაზმს ეფუძნება“, - განაცხადა ლუიზა ვინტონმა.

დიკასა და შავფხას აღდგენა „ქართული ხორბლის მწარმოებელთა გაერთიანების“ ინიციატივითა და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) დაფინანსებით განხორციელდა.

გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მცირე გრანტების პროგრამა საქართველოში 2012 წლიდან მოქმედებს. ამ ხნის მანძილზე, პროგრამის ფარგლებში, 70-ზე მეტი ადგილობრივი გარემოსდაცვითი პროექტი განხორციელდა, ხოლო გაცემული დაფინანსების ოდენობამ 1.6 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.