მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პარლამენტმა საგადასახადო შეღავათებზე კანონპროექტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტის შენობა

პარლამენტმა მესამე მოსმენით "საქართველოს საგადასახადო კოდექსში" ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა.

ცვლილება ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირებისათვის საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გადავადებას და საგადასახადო შეღავათების დაწესებას ითვალისწინებს.  

კანონპროექტით, 2020 წლის 1 მაისიდან 6 კალენდარული თვის განმავლობაში, დამქირავებელი უფლებამოსილია შეიმციროს (ბიუჯეტში არ შეიტანოს) დაქირავებულისთვის 750 ლარამდე გაცემული ხელფასიდან დაკავებული და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, თუ დაქირავებულის მიერ ამავე დამქირავებლისგან კალენდარული თვის განმავლობაში მიღებული ხელფასი არ აღემატება 1500 ლარს.

ამასთანავე, ხსენებული შეღავათი არ გავრცელდება საბიუჯეტო ორგანიზაციაზე, საქართველოს ეროვნულ ბანკზე, ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოზე, საწარმოზე, რომლის აქციების/წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტი და ამავე საწარმოს დაფუძნებულ/შვილობილ საწარმოზე, თუ ეს საწარმო მის მიერ დაფუძნებულ/შვილობილ საწარმოში აქციების/წილის 50%-ზე მეტს ფლობს.

კანონპროექტის მიხედვით, 2020 წლის 1 მარტიდან 6 კალენდარული თვის განმავლობაში ქონების იჯარის/ლიზინგის მომსახურება დღგ-ით დაიბეგრება შესაბამისი მომსახურების საკომპენსაციო თანხის ნაწილის ფაქტობრივად გადახდის საანგარიშო პერიოდში.

საქართველოს ფინანსთა მინისტრს ან შემოსავლების სამსახურის უფროსს უფლება ექნება ცალკეულ გადასახადის გადამხდელებს არაუმეტეს 6 თვით გაუგრძელოს 2020 წელს გადასახდელი საშემოსავლო ან/და ქონების გადასახადის გადახდის საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ვადა.

ამ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელს საურავი არ დაერეცხება.

კანონპროექტის თანახმად, საგადასახადო ორგანოსთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება, რამაც გამოიწვია დაქირავებულისათვის საქართველოს მთავრობის დადგენილებით საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით განსაზღვრული კომპენსაციის უსაფუძვლო გაცემა, გამოიწვევს დამქირავებლის დაჯარიმებას ამ ინფორმაციის საფუძველზე გაცემული კომპენსაციის ორმაგი ოდენობით.