მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფინანსთა მინისტრი ავსტრიის ელჩს შეხვდა

ივანე მაჭავარიანი ავსტრიის ელჩს შეხვდა

დღეს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი  ავსტრიის ახალდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, საქართველოში თომას მიულმანს შეხვდა. - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. 

მათივე ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში არსებული მდგომარეობა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივა.

ფინანსთა მინისტრმა სტუმარს გააცნო ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობა, პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ამჟამად არსებული ფინანსური რესურსები, მათ შორის, დონორების მიერ გამოყოფილი თანხების მობილიზების საკითხები.

ივანე მაჭავარიანმა სტუმარს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ავსტრია მრავალი წლის განმავლობაში უწევს საქართველოს ენერგეტიკის, გარემოს დაცვის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, განათლებისა და კულტურის ხელშეწყობის მიმართულებით. საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის ხელმოწერილია შეთანხმებები, რომელიც მოიცავს თანამშრომლობას ეკონომიკის, საჰაერო ტრანსპორტის, ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის, შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების და სხვა სფეროებში.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, დინამიურად ვითარდება ქართულ-ავსტრიული ეკონომიკური თანამშრომლობა და იზრდება ავსტრიული კომპანიების დაინტერესება საქართველოს ეკონომიკური და საინვესტიციო პოტენციალით.

თავის მხრივ, ავსტრიის ელჩმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოსთან პარტნიორობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ავსტრია მომავალშიც გააგრძელებს ქვეყნისთვის პრიორიტეტული სფეროების მხარდაჭერას.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ გლობალური პანდემიის მიუხედავად, ორივე ქვეყანა შეძლებს კიდევ უფრო გააღრმავოს თანამშრომლობა და ხელი შეუწყოს ბიზნეს-კავშირების გაძლიერებას.