მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერმა ბიზნეს სექტორთან პოსტპანდემიური ეკონომიკური აღდგენის გზები განიხილა

პრემიერი ბიზნესექტორთან შეხვედრაზე

პანდემიით გამოწვეული მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გავლენა საქართველოზე, მთავრობის ეკონომიკური გეგმა და ნაბიჯები, რომელთა გადადგმა ბიზნესისა და მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერის მიმართულებით იგეგმება - ამ საკითხებზე გამახვილდა ყურადღება  საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ბიზნესისა და საფინანსო სექტორის წარმომადგენლების შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო საშუალოვადიან ეკონომიკურ პარამეტრებს, ასევე, მთავრობის ეკონომიკურ გეგმას მომდევნო წლების განმავლობაში, მათ შორის მომდევნო წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მაჩვენებლებს.

ბიზნესისა და საფინანსო სექტორის წარმომადგენლებმა ის ეკონომიკური გამოწვევები დაასახელეს, რომელთა ასახვა ეკონომიკური განვითარების საშუალოვადიან გეგმაში მათი აზრით მნიშვნელოვანია.

„აღინიშნა, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ქვეყანა სწრაფად გამოვიდეს კრიზისიდან, მაქსიმალურად შენარჩუნდეს და აღდგეს სამუშაო ადგილები და გაუმჯობესდეს მოსახლეობის შემოსავლების დონე.

საუბარი შეეხო იმ ნაბიჯებს, რომელთა გადადგმა სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესისა და მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერის მიმართულებით იგეგმება.

ხაზგასმით აღინიშნა, რომ პოსტპანდემიურ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება, კიდევ უფრო გაძლიერდეს კოორდინაცია და თანამშრომლობა საქართველოს მთავრობას, ბიზნესსა და ეროვნულ ბანკს შორის.

შეხვედრისას ასევე ყურადღება გამახვილდა პოსტპანდემიურ პერიოდში ფულად-საკრედიტო პოლიტიკასა და მონეტარულ პოლიტიკაზე, რასთან დაკავშირებითაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ისაუბრა“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.