მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რას მოიტანს მესტიის ჩაკეტვა ტურისტულ სეზონზე - შეზღუდვების დადებითი და უარყოფითი მხარეები

მესტიის ჩაკეტვა

დაბა მესტია კოვიდაფეთქების საფრთხის მოტივით 10 აგვისტოს, ტურისტული სეზონის პიკზე ჩაიკეტა. 500-ზე მეტი ტურისტი კარანტინშია გადაყვანილი. მთავრობის გადაწყვეტილებას მომხრეებთან ერთად ბევრი მოწინააღმდეგეც გამოუჩნდა. მათი განმარტებით კარანტინის დროს ადამანის უფლებები ირღვევა, გარდა ამისა, ეკონომიკური კრიზისის ფონზე დამატებითი შეზღუდვები მეტი ზიანის მომტანი იქნება.

იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის შიდა საზღვრები ღიაა და დამსვენებელთა ნაწილი მეგობართან ან ნათესავთან რჩება, შიდა ტურიზმის აღწერა რთულია და სტატისტიკა არაზუსტია. მეტ-ნაკლებად მიახლოებით რიცხვებს საქსტატი აქვეყნებს.
საქსტატის ცნობით 2017 წლის მესამე კვარტალში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს 72 ათასი პირი 84 ათასჯერ სტუმრობდა, 2018 წელს ვიზიტორების რაოდენობა 22.5%-ით 88 ათასამდე, ხოლო განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 31.7%-ით 110 ათასამდე გაიზარდა.
დაბა მესტიის გარდა ჩაკეტილ ზონად რჩება სოფლები: უშგული და ლენჯერი სადაც ბანკების, აფთიაქების, სასურსათო მაღაზიებისა და ღია ბაზრობების გარდა ყველაფერი დაიკეტა. როგორც ტურისტებს, ასევე ადგილობრივებს მესტიის დატოვება მხოლოდ ორკვირიანი სავალდებულო კარანტინის გავლის შემდეგ შეეძლებათ. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ რეგიონი არა 14, არამედ 28 დღით ჩაიკეტა.
შეზღუდვების გასაპროტესტებლად საქართველოში ბერლინის მსგავსად მასშტაბური აქციები არ გამართულა, მაგრამ საზოგადოებაში მაინც აზრთა სხვადასხვაობაა. მომხრეები ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს, მოწინააღმდეგეები ადამიანის უფლებებსა და ეკონომიკას. მათივე განმარტებით, როგორც ჯანმრთელობას, ასევე სიცოცხლეს ვირუსზე მეტი ზიანი შესაძლოა შემოსავლების კლებამ მოუტანოს. ოპოზიციური ფლანგიდან შეზღუდვების გამოკვეთილი მოწინააღმდეგე გირჩია.
საქართელოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ნელ-ნელა შეზღუდვებიც ამოქმედდა. 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომლის პირობებიც 31 მარტიდან მკვეთრად გამკაცრდა. აიკრძალა როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის მეტრო, ასევე საქალაქთაშორისო გადაადგილება, გამონაკლისს მსუბუქი ავტომობილი წარმოადგენდა, თუმცა აპრილში 10 დღით აკრძალვა მასაც შეეხო. საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩაითვლით გაგრძელდა. 31 მარტიდან საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე გამოცხადებული იყო კომენდანტის საათი. მოქალაქეებს სახლიდან გასვლა ეკრძალებოდათ, დარღვევა 3000 ლარიანი ჯარიმით ისჯებოდა. აფთიაქების, ბანკებისა და სასურსათო მაღაზიების გარდა აკრძალული იყო პრაქტიკულად ყველა ტიპის ეკონომიკური საქმიანობა, რის შედეგადაც აპრილში ეკონომიკურმა ვარდნამ 16.6%-ს მიაღწია. 12.6%-იანი ვარდნა დაფიქსირდა მეორე კვარტალში, იანვარ-ივნისში კი 5.8%-იანი ვარდნა, რაც 1994 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგია.
როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში ყველაზე დიდი დარტყმა ტურიზმმა და მისმა მომიჯნავე სფეროებმა მიიღო. იანვარ-ივლისში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 69.9%-ით, 4.962 მლნ-დან 1.496 მლნ-მდე, ვიზიტორების რაოდენობა 69%-ით 4.112 მლნ-დან 1.275 მლნ-მდე, ხოლო ტურისტების რაოდენობა 67.2%-ით 2.698 მლნ-დან 885 ათასამდე შემცირდა.
ეკონომიკური კრიზისის შედეგად დაზარალებულ ადამიანთა ნაწილმა კომპენსაცია მიიღო, თუმცა მისი ეფექტიანობა დაბალია. 200 და 300 ლარი საშუალო ხელფასთან შედარებით ბევრად ნაკლებია. პროგრამის დასრულების შემდეგ ყველა სამსახურს ვერ დაუბრუნდება და საკომპენსაციოდ გაცემული თანხები უცხოურ კრედიტს წარმოადგენს, რომლის დაბრუნების ვალდებულებაც შემდგომ წლებში ისევ საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ.