მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად ტოვებს

საქართბელოს ეროვნული ბანკის შენობა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიმდინარე წლის 16 სექტემბრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

როგორც სებ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, არსებული პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, წლის დარჩენილ პერიოდში წლიური ინფლაციის შემცირების ტენდენცია გაგრძელდება, ის 2021 წლის პირველ ნახევარში მიზნობრივ დონეს ჩამოცდება.

„ბოლო თვეებში ფასების დინამიკა ეროვნული ბანკის პროგნოზებს შეესაბამება. როგორც მოსალოდნელი იყო, წლიური ინფლაცია შემცირებას განაგრძობს და მან აგვისტოში 4.8 პროცენტი შეადგინა. არსებული პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, წლის დარჩენილ პერიოდში წლიური ინფლაციის შემცირების ტენდენცია გაგრძელდება, ის 2021 წლის პირველ ნახევარში მიზნობრივ დონეს ჩამოცდება და შემდგომ მას ქვემოდან დაუახლოვდება. ინფლაციის მოსალოდნელ ცვლილებას, ძირითადად, სუსტი ერთობლივი - მეტწილად საგარეო - მოთხოვნა განსაზღვრავს. თუმცა კომიტეტმა ასევე გაითვალისწინა ინფლაციის მოლოდინების კუთხით არსებული რისკები, რომლებიც სავალუტო ბაზრებზე გაზრდილ მერყეობასა და მიზნობრივზე მაღალი ინფლაციის მაჩვენებლის ხანგრძლივად შენარჩუნებას თან ახლავს.

აღსანიშნავია მიწოდების მხარის პოტენციური რისკებიც. აღნიშნული ფაქტორებისა და ჯერ კიდევ მაღალი გაურკვევლობის ფონზე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განაკვეთი უცვლელად დატოვა. გასათვალისწინებელია, რომ ერთობლივ მოთხოვნაზე პოზიტიურად მოქმედებს მნიშვნელოვანი ფისკალური სტიმული, მათ შორის, იპოთეკური სესხების საპროცენტო ხარჯის ნაწილობრივი სუბსიდირება, რასაც, ფაქტობრივად, მონეტარული პოლიტიკის შერბილების მსგავსი ეფექტი აქვს. გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლა (ნორმალიზაცია) მომავალში გაგრძელდება და მისი ტემპი ინფლაციის მოლოდინებსა და ეკონომიკური აქტივობის დინამიკაზე იქნება დამოკიდებული“, - აცხადებენ ერტოვნულ ბანკში.

მათივე განცხადებით, წინასწარი ინდიკატორებით, ერთობლივი მოთხოვნა კვლავ სუსტია.

არსებული შეფასებით, ეკონომიკური აქტივობა ივლისში წლიურად 5.5 პროცენტით შემცირდა.

„თუმცა, წინა თვეებთან შედარებით, ადგილობრივი მოთხოვნის გაჯანსაღება გრძელდება, რაც ფისკალურ სტიმულს და საკრედიტო აქტივობისა და გზავნილების მოსალოდნელზე კარგ დინამიკას უკავშირდება. საპირისპიროდ, საგარეო მოთხოვნა მნიშვნელოვნად შემცირებული რჩება. საერთაშორისო მოგზაურებიდან მიღებული შემოსავალი მინიმალურია და, წინასწარი მონაცემებით, აგვისტოში წლიურად 96 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა. ექსპორტზე მოთხოვნა აგვისტოში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7 პროცენტით შემცირდა, თუმცა, წინა თვეებთან შედარებით, გარკვეული გაუმჯობესება შეინიშნება. საექსპორტო შემოსავლების კლების პარალელურად, იმპორტიც წლიურად 19 პროცენტით შემცირდა“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.