მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) რეგიონულ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში მაჩიე ჩურას შეხვდა

გიორგი გახარიამ EIB-ის რეგიონულ წარმომადგენელთან შეხვედრაზე COVID-19-ით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისთან ეფექტურ გამკლავებაში საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის როლზე ისაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) რეგიონულ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში მაჩიე ჩურას შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. 

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა COVID 19-ის გავრცელებით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისთან ეფექტურ გამკლავებაში საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და EIB-ს მადლობა გადაუხადა აქტიური თანამშრომლობისთვის საქართველოს როგორც საჯარო, ისე - კერძო სექტორთან.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველო ემზადება 2024 წელს ამბიციური განაცხადის გასაკეთებლად ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობის შესახებ და ამ გზაზე განვითარების საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას აღინიშნა, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პარტნიორია და ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით საქართველო EIB-ის ინვესტიციების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბენეფიციარია. ქვეყანაში თავისი საქმიანობის დაწყების დღიდან ბანკმა სახელმწიფო სექტორში 1.48 მილიარდი ევროს, ხოლო სახელმწიფო და კერძო სექტორში ერთად, ჯამში, 2 მილიარდი ევროს ინვესტიცია განახორციელა. მათ შორისაა ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა გზები, ენერგია, წყალი და სხვა.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო EIB-ის ხელშეწყობით საქართველოში საგზაო ინფრასტრუქტურის და ქსელის განახლებას, რაც მაგისტრალის სხვადასხვა მონაკვეთის რეაბილიტაცია-გაფართოებას, ზემო ოსიაურსა და ჩუმათელეთს შორის 14.1 კმ-იანი ახალი მაგისტრალის და მასთან დაკავშირებული მისასვლელი გზების მშენებლობას მოიცავს.

აღინიშნა, რომ ადგილობრივ ბანკებთან თანაშრომლობით, EIB-ი მხარს უჭერს მცირე, ინოვაციურ ბიზნესს, InnovFin ხელშეკრულებისა და ევროკავშირის EU4Business ინიციატივის მეშვეობით.

ცნობისთვის, შეხვედრაზე ასევე პოზიტიურად შეფასდა EIB-ის პროგრამა მიკრომეწარმეებისთვის, ქალებისთვის, ახალგაზრდებისა და სოფლად მცხოვრებთათვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით, რაც ხელს უწყობს ფინანსური ჩართულობის განვითარებას და გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 EBRD-ის პრეზიდენტი გიორგი გახარიას

👉 მნიშვნელოვანია EBRD-ისა და საქართველოს მთავრობის თანამშრომლობა