მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს საგარეო ვაჭრობა 14.9%-ით შემცირდა

ექსპორტი, იმპორტი, ზრდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 121.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14.9% -ით ნაკლებია.

12.1%-ით შემცირდა იმპორტი. მისი მოცულობა 2 403.5 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს. 15.9%-ით შემცირდა ექსპორტი და შეადგინა 5 717.6 მლნ. აშშ დოლარი.

საქსტატის მონაცემით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში, 3 314.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8%-ია.

2020 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 76.9 % შეადგინა.

უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:

  • ჩინეთი - 355.3 მლნ. დოლარი
  • აზერბაიჯანი - 327.9 მლნ. დოლარი
  • რუსეთი - 308.6 მლნ. დოლარი

2020 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.8 % შეადგინა.

პირველ სამეულში შედის:

  • თურქეთი - 981.6 მლნ. დოლარი
  • რუსეთი - 626.0 მლნ. დოლარი
  • ჩინეთი - 509.6 მლნ. დოლარი

2020 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70.4 % შეადგინა.

ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან:

  • თურქეთი - 1 124.4 მლნ. დოლარი
  • რუსეთი - 934.6 მლნ. დოლარი
  • ჩინეთი - 864.9 მლნ. დოლარი

2020 წლის იანვარ-სექტემბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 541.7 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 22.5 %-ს შეადგენს.

მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 304.2 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი ექსპორტის 12.7%-ს შეადგენს.

მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 180.3 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი ექსპორტის 7.5%-ია.

საქსტატის ცნობით, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2020 წლის იანვარ-სექტემბერში წარმოდგენილი
იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 560.2 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9.8% შეადგინა.

მეორე ადგილს იკავებდა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 415.6 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 7.3%-ს შეადგენს.

მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 366.6 მლნ. აშშ დოლარით, რამაც იმპორტის 6.4% შეადგინა.