მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში ატმის კრეფის სეზონი იწყება

ატამი

კახეთის რეგიონში წელს ატმისა და ვაშლატამას საპროგნოზო მოსავლის საერთო რაოდენობა 35 000 ტონას შეადგენს. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, სოლომონ პავლიაშვილის განცხადებით, მოსავლის საერთო მოცულობიდან, დაახლოებით, 15 000 ტონა საექსპორტოა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ატმის მოსავლის აღების, ჩაბარებისა და რეალიზაციის პროცესის შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ივნისის შუა რიცხვებში, გურჯაანში საორგანიზაციო შტაბი გაიხსნება.

„ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, წელს განსაკუთრებულ პირობებში გვიწევს მუშაობა, საორგანიზაციო შტაბი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით იმუშავებს. მნიშვნელოვანია, რომ წელს, პროცესში სოფლის მეურნეობის ხელშემწყობი პროგრამების ფარგლებში შექმნილი 20 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ჩაერთვება“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, ფიტოსანიტარიული, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლების შემადგენლობით ჯგუფი იმუშავებს. აღნიშნული ჯგუფი „ერთი ფანჯრის“ პრინციპით უზრუნველყოფს პროდუქციის ექსპორტისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას და გაცემას.

2019 წელს, ატმისა და ვაშლატამას საექსპორტო მაჩვენებელი 13 ტონას შეადგენდა. დაბინავების პროცესის უზრუნველყოფაში 9 სამაცივრე მეურნეობა იყო ჩართული.

გასულ წელს, საქართველოდან რუსეთში - 10.8 ათასი ტონა ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა, სომხეთში - 1373 ტონა, აზერბაიჯანში - 667 ტონა, უკრაინაში - 150 ტონა, ყაზახეთში - 114 ტონა, სლოვენიაში - 78 ტონა, ერაყში - 39 ტონა, ირანში - 20 ტონა, ბელარუსში - 18 ტონა, მოლდოვაში - 19 ტონა, ყატარში - 0.4 ტონა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტების თანადაფინანსებით საქართველოში ხილის 11 გადამმუშავებელი საწარმოა, აქედან კახეთის რეგიონში, გურჯაანსა და თელავში სამი საწარმო ფუნქციონირებს.