მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში ევროპის უმსხვილესი ნავთობკომპანია შემოდის

ნავთობკომპანია

ევროპის საუკეთესო ათეულში შესული ავსტრიული ნავთობკომპანია OMV საქართველოში ღია საერთაშორისო ტენდერში გამარჯვების შედეგად საქართველოში ნავთობისა და გაზის მოძიება - მოპოვების სამუშაოებს განახორციელებს, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

თურნავას თქმით, „ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველოში არსებული ბიზნეს გარემო, მათ შორის, ნავთობისა და გაზის მოპოვების სფეროში, არის იმდენად გამჭვირვალე, მიმზიდველი და გასაგები მსოფლიო მნიშვნელობის ნავთობმოპოვების გიგანტებისთვის, რომ ნომერ მეორე ავსტრიულმა და ნომერ მეათე ევროპულმა ნავთობმომპოვებელმა კომპანიამ საქართველოში შემოსვლის ინტერესი გამოიჩინა და მასთან კონტრაქტი უახლოეს მომავალში გაფორმდება.“

2020 წლის 22 ივნისს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სსიპ ნავთობისა და გაზის სააგენტომ ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მოსაპოვებლად შავი ზღვის II და III სალიცენზიო ბლოკზე ღია საერთაშორისო ტენდერი ჩაატარა, რომლის დროსაც II სალიცენზიო ბლოკზე გამარჯვებულად უმსხვილესი ავსტრიული ნავთობკომპანიის OMV ჯგუფის წევრი კომპანია OMV PETROM S.A გამოცხადდა. ტენდერში გამარჯვებული კომპანია სეისმოსაძიებო სამუშაოების განხორციელების შემდეგ, ბურღვას შეუდგება. აღნიშნულ ავსტრიულ კომპანიას უკავშირდება რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში არსებული „დომინოს“ საბადოს აღმოჩენა, რომლის ღირებულებაც $1.5 მლრდ-ა. საქართველო შავი ზღვის აუზის ქვეყნებიდან ერთადერთია, სადაც შელფურ ნაწილზე ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიება არ მიმდინარეობს.

2019 წლის Forbes -ს მონაცემებით OMV Group არის ავსტრიის მე-N2, ხოლო ევროპის მასშტაბით N79-ე უდიდესი კომპანია, მე-10 ევროპის ნავთობისა და გაზის კომპანიებს შორის. 2019 წელს კომპანიის აქტივებმა €44.1 მლრდ შეადგინა.