მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სავალუტო ფონდი უცხოურ ვალუტაში სესხის გაცემის შეზღუდვას ითხოვს

დოლარები

სავალუტო ფონდის ანგარიშის თანახმად საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გონივრული მიდგომით  ზომიერად მკაცრი მონეტარული პოლიტიკა და გაცვლითი კურსის მოქნილობა შეინარჩუნა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი ეროვნული ბანკის ნაბიჯებს დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებები ინფლაციის მოლოდინების შესაბამისად უნდა წარიმართოს. "მონეტარული პოლიტიკა უნდა დარჩეს მოქნილი და ეფუძნებოდეს ინფლაციის ტენდენციებს. მნიშვნელოვანია გაცვლითი კურსის მოქნილობა, რადგან იგი შოკის მშთანქმელ როლს ასრულებს. თუმცა, ლარის გაცვლითი კურსის გადაჭარბებული რყევები, შესაძლოა, ფინანსური სტაბილურობის კუთხით საფრთხის შემცველიც კი იყოს. სწორედ ამიტომ, ადეკვატური ლიკვიდობის დონის უზრუნველყოფა და კაპიტალური ბუფერების გამოთავისუფლება ფინანსური სტაბილურობის გარანტია", -  აღნიშნულია ანგარიშში.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, ეროვნული ბანკის მოკლევადიანი ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკა ხელს შეუწყობს პანდემიის გავლენის შემცირებას, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში ბანკების გამძლეობის გაზრდას ისახავს მიზნად. "სწორედ ეროვნული ბანკის მიერ შოკამდე გადადგმული ნაბიჯების გამო, კომერციული ბანკები მყარი ფინანსური მაჩვენებლებით შეხვდნენ COVID-19 - ის პანდემიას.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი თავის ანგარიშში ყურადღებას ამახვილებს დოლარიზაციაზე, როგორც ეკონომიკის მნიშვნელოვან სტრუქტურულ რისკზე და საშუალოვადიან პერიოდში სესხების ლარიზაციის ხელშეწყობაზე მიუთითებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდი აღნიშნავს, რომ კრიზისის შემდგომ აუცილებელია შემუშავდეს ყოვლისმომცველი სტრატეგია, რათა იმ მსესხებლებმა, რომლებსაც შემოსავალი ლარში აქვთ, უცხოური ვალუტით დენომინირებული სესხები აღარ აიღონ. ასევე, უნდა გაიზარდოს დეპოზიტართა ნდობა ლარით დასაზოგად.

სავალუტო ფონდმა საქართველოს COVID 19 - ის პანდემიის გამო გამოყოფილი ფინანსური პაკეტიდან პირველი ტრანში $201 მლნ უკვე ჩაურიცხა.

უცხოურ ვალუტაში სესხების გაცემის მკაცრი შეზღუდვა 2017 წლიდან დაიწყო და 100 000 ლარიანი ზღვარი დაწესდა, რომელიც 2018 წლიდან 200 000 ლარამდე გაიზარდა. პირი, რომელსაც შემოსავალი ლარში უფიქსირდება $62 000-მდე სესხს უცხოურ ვალუტაში ვერ აიღებს. გასული წლის ნოემბერში პრემიერ-მინისტრმა ფინანსთა მინისტრს ძვარის კვლავ 100 000 ლარამდე შემცირების შესაძლებლობის განხილვა დაავალა. ლიმიტის შემცირების წინააღმდეგია ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, მისი განცხადებით მართალია აღნიშნული რეგულაცია სებ-ს არ ეკუთვნის, მაგრამ თავად ფიქრობს რომ ზარის შემცირება ეკონომიკისთვის დადებითად არ აისახება. ლიმიტის გაზრდა ამ დრომდე ოფიციალურად არ განხილულა.