მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შავლეგ მიშველაძე: ქვეყნის სანავთობო ბიზნესი უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას

ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის თავმჯდომარე

BAG-ის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის თავმჯდომარის შავლეგ მიშველაძის განცხადებით, აუცილებელია, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრდეს სამართლიანი ბიზნესის კეთების კულტურა.

მისივე თქმით, ჯანსაღი ბიზნესგარემოს შესაქმნელად ერთადერთი გზა სამართლიანი კონკურენცია და გადასახადების პირუთვნელი გადახდა.

"საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტი მიესალმება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ აღურიცხავი საწვავის გამოვლენისა და რეალიზაციის აღკვეთის მიზნით გატარებულ ღონისძიებებს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოვლენილმა დანაშაულმა კიდევ ერთხელ დაგვანახა ნავთობპროდუქტების სფეროში დანაშაულებრივი ბიზნესის არსებობის მასშტაბები. არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ დღეს ქვეყნის სანავთობო ბიზნესი დგას უდიდესი გამოწვევების წინაშე, როდესაც სხვადასხვა კრიმინალური გზებით იმპორტირებული აღურიცხავი საწვავის არსებობის ფაქტორი უზარმაზარ დარტყმას აყენებს სფეროში მოღვაწე კეთილსინდისიერ ბიზნეს სუბიექტებსა და სახელმწიფო ბიუჯეტს. აუცილებელია, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრდეს სამართლიანი ბიზნესის კეთების კულტურა - სხვადასხვა ტიპის ბიზნესში ჩართულ თითოეულ სუბიექტს მთელი სიგრძე-სიგანით უნდა ესმოდეს ქვეყანაში არსებული გადასახადების გადახდის ვალდებულებისა თუ სხვა კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვის აუცილებლობა.

სამართლიანი კონკურენცია და გადასახადების პირუთვნელი გადახდა არის ერთადერთი გზა ჯანსაღი ბიზნესგარემოს შესაქმნელად. უკანასკნელ პერიოდის რეალობად იქცა, ერთის მხრივ, სანავთობო სფეროს უმსხვილესი ბიზნეს სუბიექტები - თანამედროვე ინფრასტრუქტურით, სოციალური პასუხისმგებლობით, მრავალმილიონიანი ინვესტიციებითა და ასეულმილიონიანი შენატანებით სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო მეორეს მხრივ, მეწარმეთა ნაწილი, რომელთა ყოველდღიურობა მიმართულია სხვადასხვა კრიმინალური სქემებითა თუ ანგარიშფაქტურების მანიპულირებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების მითვისებისაკენ", - განაცხადა შავლეგ მიშველაძემ BAG-ის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის თავმჯდომარემ.