მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შიდა ქართლში კომბინირებული საკვების საწარმო გაიხსნა

კომბინირებული საკვების საწარმო

სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შიდა ქართლში კომბინირებული საკვების საწარმო გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. 

მათოვე ცნობით, შპს „აგროვიტა კვება და ტექნოლოგია“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმოა, სადაც, ჯამურად, 570 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა. მათ შორის, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 228 000 ლარი, ხოლო 285 600 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია.

საწარმოში 1 600 ტ კომბინირებული საკვების წარმოებაა შესაძლებელი. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება. საწარმოში 15 ადგილობრივია დასაქმებული.

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი და შიდა ქართლის მხარის რწმუნებული მამუკა საღარეიშვილი საწარმოში იმყოფებოდნენ, სადაც სამუშაო პროცესს გაეცნენ.

„სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, კიდევ ერთი საწარმო შეიქმნა, რაც კარგი მაგალითია, თუ როგორ შეძლო ბენეფიციარმა სახელმწიფო პროგრამებში ჩართულობით, შეღავათიანი აგროკრედიტისა და საგრანტო კომპონენტის გამოყენებით, ახალი საწარმოს შექმნა“, - განაცხადა ილია თამარაშვილმა.

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მამუკა საღარეიშვილის განცხადებით, რეგიონში ახალი საწარმოების შექმნა მნიშვნელოვანია დამატებით ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და რეგიონის ეკონომიკური გაძლიერებისთვის.

ინფორმაციისთვის, შიდა ქართლში, სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, ჯამში 30 ახალი საწარმო გაიხსნა.