მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თურნავა: ევროკავშირის წარმომადგენლებთან მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასა და სხვა პრიორიტეტებზე ვისაუბრეთ

თურნავა ეკონომისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოსა და ევროკავშირს შორის მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის პროგრამები განიხილა ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის აღმოსავლეთ სამეზობლოს დირექტორ ლოურენს მერიდიტთან და ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროს ვინსენტ რეისთან. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრა ონლაინ-ფორმატში ჩატარდა და მასში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ეკატერინე მიქაბაძე და გენადი არველაძე.

„ონლაინ შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად ისაუბრეს მხარდაჭერის პროგრამებზე, რომელთან საქართველოს მთავრობა ანტიკრიზული გეგმის ფარგლებში, მათ შორის ევროკავშირის დახმარებით ახორციელებს. შეხვედრის დასაწყისში ნათია თურნავამ მადლობა გადაუხადა ევროკავშირის წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის, რომელიც საქართველომ მიიღო ევროკავშირის მიერ ე.წ. „მწვანე“ ქვეყნებს შორის დასახელებით. მინისტრის თქმით, ეს გადაწყვეტილება საქართველოს ეფექტური ანტიპანდემიური ღონისძიებების აღიარებაა.

გარდა ამისა, ონლაინ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, მწვანე ზრდა, დიგიტალიზაცია, ელექტრონული ოპერაციების განვითარება, ქვეყნის ინტერნეტიზაცია, ენერგეტიკული რეფორმა და სხვ., ასევე მიმოხილულ იქნა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები“, - აცხადებენ სამინისტროში.

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა იმ ეკონომიკურ გამოწვევებზეც, რომლებიც პანდემიის შედეგად წარმოიქმნა. აღინიშნა, რომ ევროკავშირი მხარდაჭერას აღმოუჩენს ქვეყანას მათი დაძლევის პროცესში.