მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თურნავა: გაზიფიცირების სამუშაოებს ხელი კორონავირუსმაც ვერ შეუშალა

ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა იმერეთში, სოფლებს - შიმშილაქედსა და ახალ სვირს ეწვია, სადაც ცოტა ხნის წინ გაზიფიცირების პროცესი დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

„გაზიფიკაციის 3-წლიანი მასშტაბური სამთავრობო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს 400 - მდე დასახლებული პუნქტი ჩაერთვება გაზიფიკაციის ერთიან ქსელში და დამატებით 100,000-მდე ოჯახი მიიღებს ბუნებრივ აირს,“ - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, არცერთი დღით არ შეჩერებულა გაზიფიცირების დიდი პროგრამა, მათ შორის იმერეთის რეგიონში.

კოვიდ-19-ის გამო ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და საქართველოს მოსახლეობისა და აბონენტების დიდ ნაწილს სამი თვის კომუნალური გადასახადები დავუსუბსიდირეთ. აქედან გამომდინარე, ეს არის მართლაც ძალიან დიდი, მასშტაბური პროგრამა, რომელსაც კოვიდმაც კი ვერ შეუშალა ხელი. გაზიფიკაციის პროცესი ყველა ვადის დაცვით გრძელდება, როგორც ეს მოსახლეობას დავპირდით,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2019-2021 წლების გეგმის ფარგლებში იმერეთის რეგიონის 7 მუნიციპალიტეტში: ბაღდათში, ხარაგაულში, ვანში, საჩხერეში, ტყიბულში, ზესტაფონსა და თერჯოლაში 26 სოფლის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში, ჯამურად აშენდა 374,408 გრძივი მეტრი გაზსადენი, ხოლო 4819 აბონენტი ბუნებრივი აირით სარგებლობას შეძლებს. ამჟამად, გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს 2 მუნიციპალიტეტის (ჭიათურა და ვანი) 5 სოფელში, რომლის დასრულების შემდეგაც დამატებით 792 აბონენტი ჩაერთვება ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში. სამწლიანი გეგმით, იმერეთის რეგიონის 10 მუნიციპალიტეტის 66 სოფლის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები ჩატარდება.