მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თურნავა: საქართველო მეზღვაურებისთვის უსაფრთხო ჰაბია

თურნავა მედიფარმაში

დღეს, როცა მსოფლიო და საქართველო ახალ გლობალურ გამოწვევას, გლობალურ პანდემიას ებრძვიან, ამ რთულ პერიოდში მეზღვაურის პროფესია საკვანძო პროფესიად გამოცხადდა, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ბათუმში, მეზღავურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სიტყვით გაიხსნა.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა მეზღვაურებისადმი მიმართვისას აღნიშნა, პანდემიის პირობებში საქართველოს პორტების მუშაობა არც ერთი მიმართულებით, არც ერთი საათით არ გაჩერებულა.

„დღეს, გლობალური პანდემიის პირობებში, თქვენ და ჩვენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაკისრია და ამ გამოწვევას ძალიან კარგად ვართმევთ თავს. სწორედ ახლა, ამ რთულ პერიოდში მეზღვაურობა გამოცხადდა საკვანძო პროფესიად, რასაც ძალიან კარგი გამოხმაურება ჰქონდა საერთაშორისო არენაზე. თქვენ ყველაზე პირველებმა დანერგეთ უსაფრთხოების წესები, რამაც საქართველო არა მხოლოდ ტურისტულად უსაფრთხო დანიშნულების ადგილად აქცია, არამედ ჩვენ ვართ მეზღვაურებისთვის უსაფრთხო ჰაბი. ჩვენი პორტები 24-საათიან რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას, რამაც შედარებით უმტკივნეულად გადაგვატანინა ეს რთული დღეები“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართველი მეზღვაურები ჩართულები არიან რეპატრიაციისა და როტაციის პროცესში.

„საერთაშორისო ასპარეზზე თქვენ ხართ ჩვენი ძლიერი სახე. ამიტომ ჩვენ პირნათლად ვასრულებთ ყველა ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებას, იგივე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, თუკი რაიმე გვევალება თქვენს სფეროში, პრაქტიკულად ყველა დირექტივა დანერგილია და ამ მიმართულებით ძალიან ამაყები და წელგამართულები ვართ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

„მეზღვაური საკვანძო პროფესიაა!“ - ამ სლოგანით წარმართავს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია (IMO) 2020 წლის კამპანიას და წევრ ქვეყნებს მოუწოდებს მხარი დაუჭირონ მეზღვაურებს და თავისი წვლილი შეიტანონ მათ როტაციაში.

საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, ვინც ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მოწოდებას და 15 ივნისს მეზღვაური - “საკვანძო პროფესიად“ გამოაცხადა.