მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თურნავა: საქართველოში მსხვილი IT-კომპანია შემოდის

ეკონომიკა და მდგრადი განვითარება

„მთავრობის გადაწყვეტილებამ, კერძოდ გარკვეული დარგის კომპანიებისთვის მოგებისა და საშემოსავლო გადასახადის 5%-ზე დაწევამ, უკვე გამოიღო პირველი დადებითი შედეგი და საქართველოში ძალიან მსხვილი ამერიკული IT კომპანია EPAM-ი “, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, კომპანია საქართველოში საკუთარ ოფისს გახსნის და ჩვენი მოქალაქეებისთვის სულ მცირე 1000-მდე მაღალანაზღაურებად ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.

„როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ ჩვენმა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გარკვეული დარგის კომპანიებისთვის, მათ შორის კომპიუტერული ტექნოლოგიებითა და პროგრამული უზრუნველყოფით დაკავებული კომპანიებისთვის განსაკუთრებული დაბეგვრის რეჟიმი დაწესებულიყო, კერძოდ, მოგებისა და საშემოსავლო გადასახადი 5%-ზე დაწია. ჩვენ გვაქვს უკვე პირველი დადებითი შედეგი და გამოხმაურება ამ გადაწყვეტილების - საქართველოში შემოვიდა ძალიან მსხვილი ამერიკული IT-კომპანია EPAM-ი.

კომპანია საქართველოში თავისი ბიზნესის რელოკაციას ახდენს, უკვე ჩამოიყვანა 30-მდე თანამშრომელი და საქართველოში თავისი ოფისის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. უახლოეს მომავალში კი EPAM-ის გეგმებში საქართველოში სულ მცირე 1000-მდე ახალი, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილის შექმნა შედის ჩვენი მოქალაქეებისთვის“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

EPAM-ი მსხვილი ამერიკული აიტი კომპანიაა, რომელიც 30-ზე მეტ ქვეყანაში საქმიანობს და 35 ათასზე მეტი თანამშრომელი ჰყავს.