მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვინ ახერხებს მუშაობას ონლაინ და ვინ დაკარგა სამსახური საქართველოში?

ონლაინ სამსახური

საქართველოში, ევროპის სხვა ქვეყნების მსგავსად, კორონავირუსის პანდემიის გამო, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტების გარდა ყველა სამსახურმა მუშაობა შეაჩერა ან დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, რამაც მართალია ვირუსის გავრცელების ტემპი შეანელა, მაგრამ დასაქმებულთა დიდი ნაწილი უმუშევარი დატოვა.

თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, სამსახურების ნაწილი ონლაინ რეჟიმში მუშაობას მეტ-ნაკლებად წარმატებით ართმევს თავს, ნაწილისთვის კი ეს შეუძლებელ ამოცანას წარმოადგენს.

ოფისში დასაქმებულებს, იმ ადამიანებს, ვისაც მუშაობა კომპიუტერით უწევდა, სამუშაო გარემო გართულდა და არაკომფორტული გახდა, თუმცა მათმა უმრავლესობამ სამსახური შეინარჩუნა. ასეთები არინ: IT სპეციალისტები, ვებ დიზაინერები, ბუღალტრები, ფინანსისტები, მედიის ნაწილი...

თუმცა, ყველას ასე არ გამართლებია. არასასუსრსათო მაღაზიების თანამშრომლები, იქნება ეს ტექნიკის, ტანსაცმლის, სამშენებლო მასალებისა თუ პარფიუმერიის მაღაზიის სტაფი, კაფე-ბარებისა და რესტორნების, სასტუმროების, ავიაკომპანიებისა და სხვა ტურისტული კომპანიების თანამშრომლები, მიკროავტობუსის მძღოლები, ხელოსნები და სხვა თვითდასაქმებულები შემოსავლის გარეშე დარჩნენ. ამ სამსახურებში დასაქმებულების ნაწილი უხელფასო შვებულებაში იმყოფება, ნაწილმა უკვე დაკარგა სამსახური.

კრიზისის პერიოდში ბევრი ცდილობს თანამშრომლებს ხელფასი შეუნარჩუნონ, მაგრამ მცირე და საშუალო ბიზნესის უმრავლესობისთვის, როდესაც შემოსავალი განულებულია და მაინც უწევს რაღაც ხარჯის გაღება, მაგალითად იჯარის, ხელფასების სრულად გაცემა უბრალოდ შეუძლებელია. მსგავსი ფუფუნება მხოლოდ რამდენიმე მსხვილ კომპანიას გააჩნია.

კერძო სექტორისგან განსხვავებით, უპირატეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ საჯარო სამსახურებში დასაქმებული პირები. მიუხედავად იმისა აგრძელებენ თუ არა ისინი მუშაობას, ხელფასები შეუნარჩუნდათ.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებამ პრობლემები შეუქმნა მათაც, რომლებსაც მუშაობა არ შეუწყვეტიათ, ბანკებში, აფთიაქებსა და მაღაზიაში დასაქმებულ ადამიანებს.

სრულიად ონლაინ რეჟიმში გადავიდა სწავლება, როგორც უნივერსიტეტებში, ასევე სკოლებში, რასაც თან პრობლემები დაერთო. საქართველოში მოსახლეობის ¼-ს ფიქსირებულ ინტერნეტთან ხელი არ მიუწვდება. მათი უმრავლესობა რეგიონებში ცხოვრობს. ასევე უმრავლესობას ოჯახში მხოლოდ 1 კომპიუტერი აქვთ, მაშინ როცა ოჯახში 2 ან მეტი სკოლის მოსწავლეა. ინტერნეტთან წვდომის პრობლემა მასწავლებელთა ნაწილსაც გააჩნია. აღნიშნული პრობლემა 17 მარტს პრემიერმა გიორგი გახარიამაც აღიარა. სწორე ამის გამო 30 მარტიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის ეთერში ტელეგაკვეთილების ტრანსლაცია დაიწყო.

საქსტატის ბოლო, 2019 წლის მონაცემებით, საქართველოში დასაქმებულად 1.69 მლნ ადამიანი ითვლებოდა,  რომლის ნახევარი თვითდასაქმებული იყო, დაქირავებით კი 849 ათასი მუშაობდა. მათი რიცხვი შემცირდება, თუ რამდენით, ეს კორონავირუსის გავრცელების ტემპზე და აკრძალვების ხანგძლივობაზეა დამოკიდებული.